უცხოეთი
აშშ-მა სამხრეთ კორეაში რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის კომპლექსი განათავსა

    საქართველო, 17 აგვისტო, საქინფორმი. აშშ-მა სამხრეთ კორეაში რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის კომპლექსი „პეტრიოტი“ განათავსა. ამის შესახებ სამხრეთკორეული არხი KBS იუწყება.
ტელეკომპანიის ცნობით, ამის მიზეზი ჩრდილოეთ კორეის მხრიდან სარაკეტო საფრთხეა.
11 აგვისტოს, დონალდ ტრამპმა Twitter-ზე დაწერა, რომ "ჩრდილოეთ კორეის უგუნური ქმედებების შემთხვევაში" კონფლიქტის სამხედრო გზით გადაწყვეტის სცენარი არსებობს და რომ ამერიკული არმია სრულ მზადყოფნაშია. მანამდე ის ჩრდილოეთ კორეას ფხენიანის მხრიდან აგრესიის შემთხვევაში "ცეცხლს და რისხვას" დაჰპირდა.
აშშ-სა და ჩრდილოეთ კორეას შორის სიტუაცია ბოლოს გაეროს უშიშროების საბჭოს მიერ ახალი სანქციების მიღების შემდეგ გამწვავდა. ფხეიანი ვაშინგტონს დაჰპირდა, რომ კუნძულ გუამზე, სადაც ამერიკელების მნიშვნელოვანი სამხედრო ბაზაა, სარაკეტო იერიშს მიიტანს.
ჩრდილოეთ კორეასთან ახლოს ამერიკული კონტინგენტის გაძლიერების ერთადერთი თვალსაჩინო ნიშანი ორი B-1 ბომბდამშენის გადასროლაა, რომლებიც გუამის ბაზაზე აგვისტოში შევიდნენ და იაპონურ და კორეულ თვითმფრინავებთან ერთად რამდენიმე ფრენა განახორციელეს.
5 აგვისტოს გაეროს უშიშროების საბჭომ მხარი დაუჭირა რეზოლუციას, რომელიც ჩრდილოეთ კორეის წინააღმდეგ სანქციების გაფართოებას გულისხმობს.