სამართალი
„ქორთიარდ მარიოტში“ საფრანგეთის მოქალაქე მოკლეს

cortiardდღეს, გამთენიისას, სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტის“ მე-3 სართულზე, თავის ნომერში, საფრანგეთის მოქალაქე სტეფან კოხენი მოკლეს. სტეფან კოხენი ფრანგულ კომპანია "სისტრაში" მუშაობდა. ის თბილისში რამდენიმე დღის წინათ ჩამოვიდა და თბილისის მერიასთან ერთად ახორციელებდა სატრანსპორტო მარშრუტების რეგულაციის პროექტს. ამ პროექტს მთლიანად ფრანგული კომპანია აფინანსებდა.
პროექტის პრეზენტაცია 24 იანვარს "ქორთიარდ მარიოტში" გაიმართა. ღონისძიებას სტეფან კოხენიც ესწრებოდა, რაც "palitratv"-ის ვიდეომასალაშიც არის დაფიქსირებული.

აღნიშნულთან დაკავშირებით გამოძიება სსსკ–ის 108-ე, მკვლელობის მუხლით დაიწყო. ამჯერად გარდაცვლილის ცხედრი ექსპერტიზაზეა გადაგზავნილი. სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტის“ დაცვის სამსახურმა უკვე კომენტარი გააკეთა. „ჩვენ ვადასტურებთ, რომ სასტუმროში, ერთ-ერთ ოთახში, მართლაც მოხდა სამწუხარო ინციდენტი ჩვენს ერთ-ერთ სტუმარსა და მის პირად სტუმარს შორის. თუმცა, მინდა ხაზი გავუსვა, რომ ჩვენი შინაგანაწესის მიხედვით, სასტუმროს ოთახში უცხო პირი იქ მცხოვრები პიროვნების ნებართვის გარეშე და ვერ მოხვდება“, - განაცხადა დაცვის სამსახურის უფროსმა ზაზა კვარაცხელიამ. სასტუმროს ადმინისტრაცია სხვა დამატებითი დეტალების დაზუსტებისაგან და კომენტარებისგან თავს იკავებს.

გამოძიების ერთ–ერთი ვერსიით მკვლელი, ინციდენტის შემდეგ, სავარაუდოდ, „ქორთიარდ მარიოტის“ ცენტრალური გასასვლელიდან არ გასულა. სავარაუდოდ, მკვლელი სასტუმროს უკანა ეზოში მდებარე საცხოვრებელი კორპუსის მეორე სართულიდან გ. ლეონიძის ქუჩაზე უნდა გასულიყო. აღნიშნულის საფუძველს ის გარემოება იძლევა, რომ სასტუმროს უკანა ეზოში მდებარე კორპუსის მეორე სართულის აივანზე, დაუზუსტებელი ინფორმაციით, ზეწარი იპოვეს, რომლის მეშვეობითაც მკვლელი, სავარაუდოდ, შენობიდან უნდა ჩასულიყო.

გავრცელებული ინფორმაციით, მკვლელი მსხვერპლს კარგად იცნობდა. როგორც სასტუმროს ადმინისტრაციაში აცხადებენ, მკვლელობის შესახებ მალევე შეიტყვეს, რადგან ოთახიდან, სადაც მკვლელობა მოხდა, ხმაური გამოდიოდა, რის გამოც შეწუხდნენ მეზობელი ნომრის სტუმრები და სწორედ მათ აცნობეს ამის შესახებ ადმინისტრაციას. სამართალდამცავებმა ამოიღეს ის ვიდეოც, რომელშიც ჩანს, თუ ვისთან ერთად ავიდა გარდაცვლილი საკუთარ ნომერში. მათ უკვე იციან, თუ როგორ გამოიყურება ეჭვმიტანილი, თუმცა ჯერჯერობით იგი დაკავებული არაა.