სამართალი
სად მალავს ორ ნაცემ პატიმარს ყველაზე „ჰუმანური“ მინისტრი

ukanono_patimrebiროგორც საქინფორმს საზოგადოებრივი ორგანიზაციიდან – „სოლიდარობა უკანონო პატიმრებს“ აცნობეს, ქსნის №15 კოლონიის ხელმძღვანელობა პატიმრების მიმართ, უკვე რამდენიმე თვეა, სასტიკი დამოკიდებულებით გამოირჩევა. ეკა ბესელიას თანაშემწის განმარტებით, ციხის უფროსი შოთა თოლორდავა და მისი თანამშრომლები პატიმრებს სასტიკად ეპყრობიან, რის გამოც ისინი შველას ითხოვენ.

ორგანიზაციის ინფორმაციით, მიმდინარე წლის 21 იანვარს პატიმრები გიორგი ოგანეზოვი და შოთა ნიკოლეიშვილი თოლორდავას დავალებით უმოწყალოდ სცემეს, რადგან ამ ადამიანებმა მსგავსი ფაქტების გახმაურება დაიწყეს, რა მიზნითაც ბესელიას მოძრაობას დაუკავშირდნენ.

ცემის შემდეგ ნიკოლეიშვილი და ოგანეზოვი საპყრობილედან წაიყვანეს, თუმცა ამჟამად სად იმყოფებიან, უცნობია.

 

ამასთან, ბესელიას მოძრაობა ამ საქმის საერთაშორისო ორგანიზაციებისთვის გადაგზავნას გეგმავს.

აღნიშნულთან დაკავშირებით, საქინფორმი თავდაპირველად სასჯელაღსრულების პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროსთან დაკავშირებას რამდენიმე საათის განმავლობაში ცდილობდა, მაგრამ უშედეგოდ.

სააგენტო პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის წევრს, დეპუტატ დიმიტრი ლორთქიფანიძესაც დაუკავშირდა, რომელმაც პატიმრების გაუჩინარების ფაქტი დაგვიდასტურა და განმარტა, რომ ყოველ წუთს ელის ახალ ინფორმაციას აღნიშნულთან დაკავშირებით.

დეპუტატი პასუხისმგებლობას მინისტრ კალმახელიძეს აკისრებს და იმედს გამოთქვამს, რომ ის ამჯერად მაინც გააკეთებს განცხადებას ნიკოლეიშვილისა და ოგანეზოვის გაუჩინარებასთან დაკავშირებით.

„ამ საქმეში პირადად სახალხო დამცველი გიორგი ტუღუშია ჩართული, საქმის კურსშია ეკა ბესელიაც. ვადასტურებ, რომ ეს პატიმრები გაურკვეველი მიმართულებით არიან გადაყვანილი და მიზეზი, სავარაუდოდ, ისაა, რომ ისინი სასტიკად სცემეს. ჯერჯერობით დაუზუსტებელი ინფორმაციით, ერთ–ერთ მათგანს „კარმუშკაში“ თითებიც მოაყოლეს. მსგავს სიტუაციაში, ყველა ნორმალურ ქვეყანაში, მინიმუმ, სასჯელაღსრულების მინისტრი მაინც გააკეთებდა განცხადებას, რადგან ის ამაზე უშუალო პასუხისმგებელია. თუმცა ვეღარ გავიგე, საერთოდ საით მივდივართ, კრიმინალურ ბანდებთან გვაქვს საქმე თუ რა ხდება?“ – განაცხადა ლორთქიფანიძემ.

აღსანიშნავია, რომ ამ დრომდე მინისტრი კალმახელიძე, რომელიც საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა თავის დროზე ყველაზე „ჰუმანურ“ ადამიანად დაასახელა და ამ პრინციპითვე დანიშნა საასჯელაღსრულების მინისტრად, ამ დრომდე დუმს. მას ნაცემი პატიმრების გაუჩინარებასთან დაკავშირებით განცხადება ჯერაც არ გაუკეთებია.