აქტუალური
ანალიტიკოსები და ექსპერტები ინფლაციის დაძლევის გზებზე მსჯელობენ

inflationXდღეს, 31 იანვარს, ეკონომიკის ქართველი ანალიტიკოსები და ექსპერტები ქვეყანაში ინფლაციის დაძლევის შესაძლებლობებთან დაკავშირებით, სადისკუსიო შეხვედრას გამართავენ.

“მრგვალი მაგიდა“ მიეძღვნება თემას: “ინფლაცია საქართველოში - პრობლემის მასშტაბები, მოვლენათა შესაძლო განვითარების პერსპექტივა და რეკომენდაციები ხელისუფლებისთვის“.

“მრგვალი მაგიდის“ მონაწილეები აპირებენ განიხილონ პოლიტიკური პარტიების, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და სახელისუფლო სტრუქტურების პროგრამები და მიდგომები ინფლაციისა და მისგან გამომდინარე უარყოფითი შედეგების დაძლევის შესახებ.

პირველ შეხვედრაზე ექსპერტები და ანალიტიკოსები განიხილავენ “ახალი მემარჯვენეების” მიერ საზოგადოებისთვის შეთავაზებულ წინადადებებს ინფლაციის დაძლევის თაობაზე.

განხილვაში მონაწილეობას მიიღებენ ექსპერტები ლადო პაპავა, მერაბ კაკულია, დავით ნარმანია, ირაკლი ლექვინაძე, ელგუჯა მექვაბიშვილი, სოსო არჩვაძე, ვაჟა ბერიძე, მერაბ ჯანიაშვილი, დემურ გიორხელიძე, დავით ონოფრიშვილი, თემურ მურღულია, ნოდარ ხადური, სოლომონ პავლიაშვილი, სოსო ცისკარიშვილი, გია ხუხაშვილი, მიხეილ ჯიბუტი, მიხეილ დუნდუა და სხვები.

“მრგვალ მაგიდასთან“ აგრეთვე მოწვეულნი არიან ქვეყნის ეკონომიკური პოლიტიკის განხორციელებაზე პასუხისმგებელი პირებიც.

შეხვედრის მოწვევის ინიციატორია ყოველკვირეული ეკონომიკური გაზეთი “ბანკები და ფინანსები.” ღონისძიების მოდერაციას განახორციელებს გაზეთის მთავარი რედაქტორი ზურაბ კუკულაძე.

შეხვედრა სასტუმრო ”ჰოლიდეი ინის” (ყოფილი "აჭარა") საკონფერენციო დარბაზში 13:00 საათზე დაიწყება.