საზოგადოება
წინააღმდეგობის კომიტეტი რუსთავში

nonna“წარმომადგენლობითმა სახალხო კრებამ” კიდევ ერთი წინააღმდეგობის კომიტეტი დააფუძნა, ამჯერად რუსთავში.

“სახალხო კრების” თავმჯდომარემ ნონა გაფრინდაშვილმა საქინფორმის კორესპონდენტთან საუბრისას განაცხადა, რომ შეხვედრა იქვე, კინოთეატრ “რუსთაველის” დარბაზში იყო დაგეგმილი, დაქირავებისთვის შესაბამისი თანხაც იყო გადახდილი, თუმცა ბოლო მომენტში დარბაზში განათება არ ჩართეს, რის გამოც კრება კინოთეატრის ფოიეში ჩაატარდა, სადაც სინათლე ფანჯრებიდან აღწევდა.

“კინოთეატრ “რუსთაველში” “სახალხო კრების” წარმომადგენლების არ შეშვება ჩვენი ღონისძიების ჩასაშლელად იყო გამიზნული, თუმცა კრება მაინც ჩატარდა და რუსთავში წინააღმდეგობის კომიტეტიც დაფუძნდა,” – აღნიშნა ნონა გაფრინდაშვილმა.

“წარმომადგენლობითი სახალხო კრებიდან” რუსთავში ნონა გაფრინდაშვილთან ერთად იყვნენ ელიზბარ ჯაველიძე, ლუკა კურტანიძე, რეზო ესაძე და საორგანიზაციო ჯგუფის სხვა წევრები.

შეგახსენებთ, რომ “სახალხო კრებამ” იანვარში რაიონული კომიტეტები დააფუძნა თელავში, დუშეთში, მცხეთაში, საგარეჯოში. 20 იანვარს კი სამოქალაქო წინააღმდეგობის რაიონული კომიტეტები დაარსდა თბილისის ყველა რაიონში.

როგორც „წარმომადგენლობით სახალხო კრებაში“ განმარტავენ, რაიონული და საქალაქო კომიტეტები მოწოდებული არიან, საყოველთაო დაუმორჩილებლობისთვის მოამზადონ მოსახლეობა.