საზოგადოება
ტყიბულის მაღაროებში ფართომასშტაბიანი გაფიცვა დაიწყო

magaroelebiტყიბულის ქვანახშირის მაღაროებში დღეს, დილის 06:00 საათიდან, ფართომასშტაბიანი გაფიცვა დაიწყო. მაღაროელები ითხოვენ შპს „საქნახშირის“ თანამშრომლებთან უვადო შრომითი ხელშეკრულებების გაფორმებას, შრომის უსაფრთხოების მდგომარეობის გაუმჯობესებას, „საქნახშირის“ თანამშრომელთა ხელფასების ინდექსაციას, ინფლაციისა და ფასების ზრდის შესაბამისად, მაღაროში 2010–2011 წლებში დაღუპული და დასახიჩრებული მაღაროელების ფინანსური დავალიანებების დაფარვას, „საქნახშირში“ დასაქმებულთა შრომითი პირობების გაუმჯობესებას, ზეგანაკვეთური თუ ჯანმრთელობისთვის საშიში შრომის შესაბამის ანაზღაურებას და სხვ.

საქართველოს მეტალურგიული, სამთო და ქიმიური მრეწველობის მუშაკთა პროფესიული კავშირის თავმჯდომარე თამაზ დოლაბერიძის განცხადებით, გაფიცვა გაგრძელდება იქამდე, ვიდრე „საქნახშირის“ ხელმძღვანელობა მაღაროელების მოთხოვნებს არ დააკმაყოფილებს.

საქართველოს მეტალურგიული, სამთო და ქიმიური მრეწველობის მუშაკთა პროფესიულ კავშირს, გაფიცულ მაღაროელებს სოლიდარობას უცხადებენ სხვა დარგების პროფესიული კავშირები. ტყიბულში მიემგზავრებიან საქართველოს საჯარო მოსამსახურეთა და ტრანსპორტისა და გზების მშენებლობის მუშაკთა პროფკავშირების წარმომადგენლები.