პოლიტიკური გაერთიანება “ეროვნული ფორუმი” და ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია (აფბა) ხელისუფლებას საქართველოში არსებულ ორნიშნა ინფლაციაზე პასუხისმგებლობის აღებისა და მის გადასაჭრელად ქმედითი ნაბიჯების გადადგმისკენ მოუწოდებენ.
2010 წელს ეროვნული ბანკი აქტიურად, საკმაოდ დაბალი პროცენტით აკრედიტებდა ბანკებს. ამის პარალელურად, მთავრობა, ფინანსთა სამინისტრო აქტიურად იღებდა ამავე ბანკებიდან კრედიტებს სახაზინო ვალდებულებების მეშვეობით.
“გასული წლის განმავლობაში ფინანსთა სამინისტრომ სახაზინო ვალდებულებების ემისიის გეგმას თითქმის 100 მილიონი ლარით გადააჭარბა და, დაგეგმილი 370 მილიონი ლარის ნაცვლად, 463 მილიონი ლარის ფასიანი ქაღალდი მკვეთრად გაზრდილი საპროცენტო განაკვეთით გამოუშვა. ეროვნული ბანკი ახალი ფულის მასას კომერციულ ბანკებს იაფად აძლევდა, რომლითაც შემდეგ ეს ბანკები სახელმწიფოსაგან სახაზინო ვალდებულებებს სარფიანად ყიდულობდნენ, ე.ი. ეროვნულმა ბანკმა ფულის ემისია განახორციელა, რაც ირიბად ბიუჯეტში დეფიციტის დასაფინანსებლად გადაირიცხა. იმ ფულის მიმოქცევაში გასვლა კი, რომელიც ბაზრიდან არ არის ამოღებული, ინფლაციას რომ გამოიწვევს, პირველკურსელმა ეკონომისტებმაც კარგად იციან”, – აღინიშნა ბრიფინგზე.
“ეროვნული ფორუმი” და ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია ხელისუფლებას ურჩევენ, თავი დაანებოს ქვეყანაში არსებული პრობლემების ეგზოგენურ ფაქტორებზე გადაბრალებას. მათი მოსაზრებით, ინფლაციის პრობლემის გადასაჭრელად ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პირობა ბიუჯეტის დეფიციტის შემცირებაა.