სამართალი
მოძრაობა ,,თავისუფალი საქართველო’’ პარლამენტის შენობასთან აქციას გამართავს

bagebi2პარლამენტის შენობასთან დღეს “თავისუფალი საქართველოს’’ მიერ ორგანიზებული საპროტესტი აქცია გაიმართება, რომელიც 20 იანვარს, ბაგების სტუდქალაქიდან დევნილების გამოსახლების დროს, დააკავებულ პოლიტიკური მოძრაობა "თავისუფალი საქართველოს" წევრ გია ყრუაშვილსა და დევნილთა სამოქალაქო მოძრაობის ხელმძღვანელ მანუჩარ სიგუას უკავშირდება. მათი თქმით, დაკავების დროს პოლიციელები შეურაცხყოფას აყენებდნენ მოქალაქეებს და ცდილობდნენ მათ პროვოცირებას: აღნიშნული დაკავება მოხდა უკანონოდ, ბრალდებები ცრუ ჩვენებებით იყო გამყარებული. სასამართლომ ზემოაღნიშნულ პირებს 14-დღიანი პატიმრობა შეუფარდა. მოძრაობა "თავისუფალი საქართველოს" ლიდერები აღნიშნავენ, რომ ქალაქის პოლიციის სამმართველოს დროებითი დაკავების იზოლატორი არ ექვემდებარება არანაირ სტანდარტს. "მეტიც, ეს არის ნამდვილი ჯოჯოხეთი, სადაც გამუდმებით ირღვევა ადამიანის უფლებები. პოლიციელები ახორციელებენ ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ზეწოლას პატიმრებზე, რასაც თან ერთვის ენით აუწერელი სიბინძურე და ანტისანიტარია", – განაცხადა საქინფორმთან საუბრისას „თავისუფალი საქართველოს’’ წევრმა გია ყრუაშვილმა და დასძინა, რომ ადამიანები, ვინც მათ წინააღმდეგ ჩვენება მისცა, საერთოდ არ იყვნენ შემთხვევის ადგილზე.