რელიგია
ეპისკოპოსი იაკობი - საქართველოს პატრიარქობაზე აშშ-ის კანდიდატია - საქინფორმი

     მეორე დღეს მას შემდეგ, რაც 2017 წლის 23 ნოემბერს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ თავის თანამოსაყდრედ სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო მუჯირი დანიშნა, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის იერარქები აშშ-ში გასაუბრებაზე გაფრინდნენ. მიზეზი მარტივია - მას შემდეგ, რაც ილია მეორის კალიუმის ციანიდით მოწამვლის და პატრიარქის ტახტზე მისი ძმისშვილის - დელეგაციის შემადგენლობაში მყოფი ბათუმისა და ლაზეთის, ჩრდილოეთ ამერიკისა და კანადის მიტროპოლიტის დიმიტრი შიოლაშვილის აყვანის კულუარულმა მცდელობამ არ გაამართლა, ვაშინგტონში საშინლად დაფეთდნენ, რომ სრულიად საქართველოს ახალი კათოლიკოს-პატრიარქი უწმინდესის თანამოსაყდრე მეუფე შიო გახდება, რომელმაც, ისევე, როგორც მოქმედმა პატრიარქმა ილია მეორემ, სასულიერო განათლება რუსეთში მიიღო და რუსულ ეკლესიებში მსახურობდა.
     მაშ ასე, 2017 წლის 24 ნოემბერს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის წევრები საქართველოში ტრადიციულად წარმოდგენილი რელიგიების (კათოლიციზმის, იუდაიზმის, ისლამის და სომხეთის სამოციქულო ეკლესიის) სულიერ ლიდერებთან ერთად აშშ-ში ჩაბრძანდნენ. ვაშინგტონში საქართველოს დელეგაცია თეთრი სახლის ადმინისტრაციაში მიიღეს, კერძოდ, სახელმწიფო მდივნის მოადგილემ დიპლომატიის საკითხებში შარონ ჰადსონ-დინმა და სახელმწიფო მდივნის ყოფილმა მოადგილემ თომას მელიამ (რომელიც სახელმწიფო დეპარტამენტში დემოკრატიისა და ადამიანთა უფლებების საკითხებს კურატორობდა, შემდეგ კი USAID*-ის ხელმძღვანელის მოადგილე გახდა); აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალების სარდლობაში, აგრეთვე NED**-ის ხელმძღვანელობაში.
   საქინფორმის ინფორმაციით, დახურული დისკუსიების, რომლებსაც CIA-ს და ნატოს თანამშრომლები ესწრებოდნენ, მთავარი თემები იყო დეზინფორმაცია, რუსული პროპაგანდა და შავი ზღვის რეგიონული უსაფრთხოება. დახურულ შეხვედრებზე ქართველმა მიტროპოლიტებმა განაცხადეს, რომ „საქართველოს ეკლესია მხარს უჭერს ქვეყნის ევროატლანტიკურ ინტეგრაციას და საქართველოში რუსული პროპაგანდა არ უნდა მძლავრობდეს“.
   საუბრების დროს მაღალი რანგის მღვდლებს რბილად, ძალდაუტანებლად უტარებდნენ ინსტრუქტაჟს - როგორ ექადაგათ (პროპაგანდა გაეწიათ) დასავლური დემოკრატიული ღირებულებები, კერძოდ, როგორ ჩაეგონებინათ მრევლისთვის, რომ საქართველოს შესაძლო წევრობა ნატოში - სიკეთეა, აგრეთვე, ასწავლიდნენ - სად გადის დემოკრატიის ზღვარი, რომელსაც ეკლესიამ არ უნდა გადააბიჯოს. უარყოფით მაგალითად მოტანილი იქნა ლგბტ-ს უფლებების შელახვა თბილისში 17 მაისს, როდესაც „ბრბომ ქართველი ღვთისმსახურების წინამძღოლობით ჰომოფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეს გეი-აღლუმი არ ჩაატარებინა საქართველოს დედაქალაქის ცენტრალურ გამზირზე, რომელიც სიყვარულის მგოსნის - რუსთაველის სახელს ატარებს“. ალბათ, სწორედ ამიტომ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქოს ოფიციალურ საიტზე, რომელიც, ჩვეულებრივ, დაწვრილებით აშუქებს საპატრიარქოს საეკლესიო ცხოვრებისა და მოღვაწეობის ყოველდღიურ მოვლენებსაც კი, არ გამოჩენილა არცერთი ინფორმაცია ესოდენ წარმომადგენლობითი ვიზიტის შესახებ!
   ერთადერთი, ვინც ვაშინგტონში შეხვედრების შემდეგ სააკაშვილის ტელეკომპანია „რუსთავი 2“-თან ვრცელი კომენტარი გააკეთა, ბოდბის ეპარქიის ეპისკოპოსი მეუფე იაკობი (ერობაში - კონსტანტინე იაკობიშვილი) გახლდათ, რომელმაც შემდეგი განაცხადა:
   „შეხვედრები, ძირითადად, გაცნობითი ხასიათის იყო. ჩვენზე წარმოდგენა მხოლოდ იმის მიხედვით ჰქონდათ, რაც აქედან იგზავნებოდა
(ანუ თბილისიდან აშშ-ის საელჩოდან და ამერიკული ინსტიტუტებიდან NDI და IRI, პროდასავლური არასამთავრობო ორგანიზაციებიდან და ვაშინგტონთან მუდმივ უშუალო კონტაქტში მყოფი პარტიებიდან - საქინფორმი). როდესაც გაგვიცნეს, დაინახეს, რომ რეალობა სულ სხვაა! (ანუ რომ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის იერარქები სულაც არ არიან ორთოდოქსი ბნელეთის მოციქულები, რომლებიც გლობალიზაციას და პროგრესს უარყოფენ, არამედ კრეატიული, დასავლური ღირებულებებისადმი ლოიალური, კომუნიკაბელური და საქმიანი თანამშრომლობისთვის გახსნილი ხალხია - საქინფორმი). ეს დიდი გარღვევა იყო!
ბევრ თემაზე იყო ჩვენთან საუბრები, თუნდაც იმავე უსაფრთხოების საკითხებზე. ძალიან დადებითად შევაფასებდი ამ ვიზიტს და, ალბათ, სულ ცოტა ხანში ეს ჩვენს სახელმწიფოზეც აისახება
(როგორც ჩანს, მეუფეებს ჯერ კიდევ მაშინ გააგებინეს, რომ ბრიუსელის სამიტზე 2018 წლის ივლისში, შესაძლოა, საქართველო ნატოში დაჩქარებული წესით მიიღონ - МАР-ის გარეშე, მაგრამ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის გარეშეც, ლუკ კოფის - Heritage Foundation“ პროექტის მიხედვით - საქინფორმი).
სადაც არ უნდა ვიყოთ, ჩვენთვის საქართველოს ინტერესია უპირველესი. დახურული შეხვედრებიც იყო, საკმაოდ მაღალი რანგის წარმომადგენლებთან, რომლებიც ქმნიან პოლიტიკას აშშ-ში, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციებთან. ძალიან ბევრი საინტერესო ადამიანი გავიცანით, ძალიან ბევრ რამეს სხვა თვალით შევხედეთ... ყველაზე დიდი მნიშვნელობა ამ ვიზიტს იმიტომ ჰქონდა, რომ ნახოს ამერიკამ... (საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის აშშ-ში ჩაფრენილი წევრების ერთგულება საქართველოს უალტერნატივო ევროატლანტიკური კურსისადმი რუსეთის საპირწონედ - საქინფორმი).
ჯერჯერობით აშშ ის ქვეყანაა, რომელსაც ჩვენთვის არ უღალატია იმ გზაზე, რომლისთვისაც ჩვენ ჩვენი თავისუფლების გამო, თავისუფლებისკენ მისწრაფების გამო რამდენი წელია, რუსეთი ღიად გვეომება! ამიტომ ამერიკის მხარდაჭერა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია და ნახეს, რომ ეკლესიაც ისე ვართ, რომ არ ვაპირებთ ჩვენს მტრებთან
(რუსებთან, რუსეთის ფედერაციასთან - საქინფორმი) რაღაც დათმობებზე წასვლას! თავისუფლების გაყიდვა არაფრად არ გვიღირს!“.


   მთელი ინტრიგა იმაშია, რომ აშშ-ში გამგზავრებამდე მეუფე იაკობი ყოველთვის იყო რუსეთ-საქართველოს მართლმადიდებლური ერთმორწმუნეობის მომხრე და ქართული ტრადიციული ულტრანაციონალური ღირებულებების მქადაგებელი! და კიდევ - დასავლური ღირებულებების, ლგბტ-საზოგადოების მოსისხლე მტერი (17 მაისს რუსთაველის გამზირზე გეი-აღლუმის ზემოთ ხსენებული დარბევის ლიდერი) და, შესაბამისად, სააკაშვილის პროდასავლური პარტია „ნაცმოძრაობის“ მტერი, რაზეც მისი ყველა ქადაგება და საჯარო გამოსვლა მეტყველებს, რომელთაგან ბევრი YouTube-ზე დევს.
   მაშ, რა მოხდა? რატომ გახდა რწმენაში ძლიერი მქადაგებელი აშშ-ში ვიზიტის შემდეგ სახელმწიფო დეპარტამენტის და CIA-ს „რბილი ძალა“, მსოფლიო მართლმადიდებლობის ცენტრის - რუსეთის წინააღმდეგ ჰიბრიდულ ომში პროპაგანდისტი?
   საქმე ისაა, რომ მას შემდეგ, რაც საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ პატრიარქის თანამოსაყდრედ სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო მუჯირი დანიშნა, მეუფე იაკობი სასტიკად განაწყენდა - ის დარწმუნებული იყო, რომ მოსაყდრედ სწორედ მას, პატრიარქის ქორეპისკოპოსს დაასახელებდნენ, საიდანაც „რბილად“ გადაბრძანდებოდა პატრიარქის ტახტზე! მაგრამ ასე არ მოხდა, ამიტომ მეუფე იაკობმა ქართველი პოლიტიკოსებისთვის ტრადიციული ტრიუკი ჩაატარა - მოწინააღმდეგე ბანაკში გადაბარგდა. ფიქრის დრო თვითმფრინავში საკმარისზე მეტი ჰქონდა და აშშ-ში ჩასვლის შემდეგ ამერიკელებს თავისი სამსახური შესთავაზა - საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის სახით ამერიკისკენ და ზურგით რუსეთისკენ შებრუნებას, ილია მეორის შემდეგ საქართველოს საპატრიარქოზე რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის ყოველგვარი გავლენისთვის ბოლოს მოღებას დაჰპირდა - სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ იაკობ პირველად მისი დანიშვნის სანაცვლოდ.
     ვაშინგტონში ძალიან გაიხარეს უმაღლესი საეკლესიო რანგის ახალი გავლენის აგენტით, რომელსაც, ამავე დროს, გაქანებული ქართველი ნაციონალისტ-ტრადიციონალისტის იმიჯი ჰქონდა.
(კოლეგებმა, რომლებიც მეუფე იაკობს კარგად იცნობენ და გასაგები მიზეზების გამო ინკოგნიტო დარჩენა ამჯობინეს, საუბარში განაცხადეს, რომ ის ადრეც ქართველი პოლიტიკოსის ან კრიმინალური ავტორიტეტის სახეს უფრო შეესაბამებოდა, ვიდრე ღვთისმსახურის, მითუფრო - ეპისკოპოსის. ქრისტეს მსახურებაში თანამოძმეთა დახასიათებით, მეუფე იაკობი ყოველთვის ამბიციებით შეპყრობილი კარიერისტი და დემაგოგი იყო, ურთიერთობისას უხეში კარის ინტრიგანი).
     შემდგომმა მოვლენებმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ვაშინგტონის „კასტინგი“ სწორედ მეუფე იაკობმა გაიარა, რომელიც გასულ კვირას ისევ გაფრინდა აშშ-ში, ამჯერად - მარტო, დელეგაციის გარეშე. როგორც აღმოჩნდა, მეუფე იაკობი საპატრიარქოს უნივერსიტეტში „მომიჯნავე“ პროფილის ახალი ფაკულტეტების გახსნას გეგმავს - კიბერუსაფრთხოების, ეკონომიკის და ფინანსების(?!). ამ მიზნით საპატრიარქოს სახელით მეუფე იაკობი მოლაპარაკებას აწარმოებს ამერიკის უნივერსიტეტებთან - სავარაუდო პარტნიორებთან, რათა საპატრიარქოს უნივერსიტეტის ახალ ფაკულტეტებზე ლექციები აშშ-დან მოწვეულმა პროფესორებმა წაიკითხონ...
   მეუფე იაკობის, ისევე, როგორც ზემოთ მითითებული ქართული დელეგაციის ვიზიტი აშშ-ში ორგანიზებულია ლობისტების მიერ - ესენი გახლავთ არასამთავრობო ორგანიზაცია „განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრი“ (CDD), აშშ-ში საქართველოს საელჩო და საქართველოში აშშ-ის საელჩო ელჩ იან კელის - პოლიტმიტროპოლიტის პასუხისმგებელი რეკომენდატორის - კურატორობით.
მაგრამ ამერიკელები, როგორც ცნობილია, „თავის კვერცხს ერთ კალათაში არ ინახავენ“: თუ ერთი „კვერცხი“ ეპისკოპოსი იაკობია, მეორე - ეპისკოპოსი პეტრე (ერობაში პაატა ცაავა), ჭყონდიდის მიტროპოლიტი და სააკაშვილის ოჯახის მოძღვარი.


საქინფორმის
რედაქცია
2018 წლის 12 თებერვალი
საქართველო, თბილისი
* აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID) - ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მართვის ორგანო საზღვარგარეთ დახმარების გაწევის სფეროში. სააგენტოს ადმინისტრატორს და მის მოადგილეს სენატის თანხმობით პრეზიდენტი ნიშნავს და ისინი აშშ-ის სახელმწიფო მდივანთან კოორდინირებულად მოქმედებენ.
** დემოკრატიის ნაციონალური ფონდი (NED) - ორგანიზაცია დაარსებულია აშშ-ის კონგრესის მიერ მთელ მსოფლიოში დემოკრატიისა და თავისუფლების დამყარების და განვითარების ხელშეწყობის მიზნით. როგორც NED-ის დამაარსებელმა ალენ ვაინშტაინმა 1991 წელს აღიარა, „ბევრი რამ იქიდან, რასაც ფონდი აკეთებს, ადრე CIA-ს საქმე იყო“.