სამართალი
ჩეხეთში გამართულ ტურისტულ გამოფენაზე აფხაზეთი დამოუკიდებელ ქვეყნად იყო წარმოდგენილი

     საქართველო, 22 თებერვალი, საქინფორმი. 15-18 თებერვალს პრაღაში გამართულ საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაში Holiday World-2018 აფხაზეთის წარმომადგენლებმა მონაწილეობა მიიღეს, როგორც დამოუკიდებელი ქვეყნის წარმომადგენლებმა. დელეგაციამ, რომელიც გამოფენაზე წარმოდგენილი იყო, როგორც აფხაზეთის სავაჭრო-სამრეწველო პალატა“, აფხაზეთის ტურისტული პოტენციალის შესახებ სარეკლამო მასალები, ადგილობრივი ალკოჰოლური სასმელები და პროდუქტები ჩაიტანა.
გვსურს, რომ რაც შეიძლება მეტმა ჩეხმა შეიტყოს აფხაზეთის შესახებ, – თქვა დელეგაციის წარმომადგენელმა, რომელმაც თავი ირადად გაგვაცნო, – ჩვენი პავილიონისადმი დიდი ინტერესი არსებობს“, – დასძინა მან.
ჩეხეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს უფროსი მრჩევლის მიხეილ ჩხიკვაძის განცხადებით, ქართულმა მხარემ ყველანაირი ზომა მიიღო იმისთვის, რომ აფხაზეთი ამ გამოფენაზე დამოუკიდებელ ქვეყნად არ დაეშვათ, თუმცა, მისი თქმით, ამ მცდელობამ შედეგი არ გამოიღო.
“Holiday World-ის ორგანიზატორი იყო კერძო კომპანია, რომლის გადაწყვეტილებაზე ზემოქმედება არც ქართულ მხარეს შეეძლო და არც ჩეხეთის მხარეს. .. „აფხაზეთის სავაჭრო-სამრეწველო პალატაგამოფენაზე ასევე კერძო კომპანიად დარეგისტრირდა“, – განაცხადა საელჩოს პირველმა მრჩეველმა.
აფხაზეთის, როგორც დამოუკიდებელი ქვეყნის გამოფენაში მონაწილეობამ ზოგიერთი ჩეხი პოლიტიკოსის უკმაყოფილებაც გამოიწვია.
ეს ჩეხეთისთვის სამარცხვინოა, – განუცხადა JAMnews-ს ჩეხმა პარლამენტარმა იარომირ შტეტინამ, – მრცხვენია ჩეხეთის რეგიონული განვითარების სამინისტროს მაგივრად, რადგან მათ ეს დაუშვეს. მიმაჩნია, რომ ბოდიში უნდა მოიხადონ (ქართული მხარის წინაშე)“.
ეს არის კლასიკური პროვოკაცია, – ასეთი კომენტარი გააკეთა ჩეხური გაზეთის „გოსპადარსკიე ნოვინის“ საერთაშორისო მიმომხილველმა ონდრა სოუკუპმა, – აფხაზური დელეგაციის მონაწილეობის ინიციატორი, ალბათ, ექსტრემისტების და კონსპიროლოგების ჯგუფია, რომელსაც პრომოსკოვური ძალა კვებავს. ეს იგივე ძალაა, რომელმაც ჩეხეთში დონბასელ ხალხთან მეგობრობის არასამთავრობო ორგანიზაცია დააფუძნა. ეს გამოცდილი ტექნოლოგიაა და მასთან ბრძოლა უაღრესად რთულია“, – თქვა სოუკუპმა.