სამართალი
პირველი ქართული 3D თამაში შსს-ს ვებგვერდზეა

3Dპირველი ქართული 3D თამაშზე მუშაობა ბოლო 6 თვის განმავლობაში მიმდინარეობდა და ახლა მისი ნახვა შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზეა შესაძლებელი.

თამაშის სცენარი თბილისსა და ბათუმში ვითარდება, პოლიციელები ქართულ ენაზე საუბრობენ, დამნაშავეები კი - ქართულად, რუსულად და ინგლისურად. თამაში ხელმისაწვდომია ინტერნეტის ყველა მომხმარებლისთვის.

ტელეკომპანია "იმედისთვის" მიცემულ ინტერვიუში საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვანო მერაბიშვილმა განაცხადა, რომ მომავალში "თამაშის სიუჟეტში იქნება მისია, რომელიც საქართველოში კრიმინალებისა და ჯაშუშების გამოაშკარავებას უკავშირდება".

"ჩვეულებრივ, კომპიუტერული თამაშების მთავარი გმირები არიან მაფიოზები, კრიმინალები, რომლებიც პოლიციელებს კლავენ, ბანკებს ძარცვავენ და ასე შემდეგ. ჩვენ გადავწყვიტეთ, ეს წესი შეგვეცვალა და თამაშის მთავარი გმირები პოლიციელები ყოფილიყვნენ, რომლებიც კრიმინალებს კი არ კლავენ, არამედ, კანონის გათვალისწინებით, მათ წინააღმდეგ გარკვეულ ქმედებებს ახორციელებენ", - აღნიშნა ვანო მერაბიშვილმა.