პოლიტიკა
მორიგ სატელევიზიო შოუს მიხეილ სააკაშვილი 11 თებერვალს პარლამენტის ტრიბუნიდან გამართავს

prezidentma11 თებერვალს საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი პარლამენტის წინაშე ყოველწლიური ანგარიშით წარსდგება. მის გამოსვლას კი საკანონმდებლო ორგანოში დებატები მოჰყვება, რომელში მონაწილეობაც ნებისმიერ დეპუტატს შეეძლება.

როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ აღნიშნა, პრეზიდენტთან დებატები მწვავე და ამავე დროს კონსტრუქციული და შინაარსიანი იქნება, როგორც ეს გასულ წლებში იყო“.

გასულ წლებში სააკაშვილს „მწვავედ“ და ზედმეტად კონსტრუქციულად ესაუბრნენ „ჯიბის ოპოზიციის“ წარმომადგენლები. გარდა ამისა, პრეზიდენტმა დაპირებების შესრულებაზე     ისაუბრა და ახალ–ახალი დაპირებები დადო, მათ შორის ის, რომ 2010 წელი საქართველოს ეკონომიკის გაჯანსაღების წელი იქნებოდა და ათობით ათასი სამუშაო ადგილები შეიქმნებოდა.

სამუშაო ადგილები მართლაც შეიქმნა გასულ წელს ანაკლიაში სასტუმროების მშენებლობებზე, მაგრამ სააკაშვილის მიერ გაკეთებული ყველაზე „დიდი საქმე“ ანაკლიის მცხოვრებლებისთვის მიწების ჩამორთმევა გახლდათ, რომლებიც ხელისუფლებამ თავისუფალ ტურისტულ ზონად გამოაცხადა. სააკაშვილი ამით არ დაკმაყოფილდა და კიდევ უფრო მეტი სამუშაო ადგილის შექმნისთვის მიწები წელს გონიოს მაცხოვრებლებსაც ჩამოართვა.

რაც შეეხება ზოგადად, ეკონომიკის გაჯანსაღების პირობას, ალბათ, მისი შესრულების პოტენციალი ნათელია, რადგან გასულ წელს და 2011 წლის დადგომისთანავე საკვებ პროდუქტებზე ფასების კატასტროფული მატება შეინიშნება, რაც ეკონომიკის „სიჯანსაღეს“ ნამდვილად უსვამს ხაზს.

წელს დაგეგმილი გამოსვლისას კი, პრეზიდენტის პრეს–სპიკერის თქმით, „სააკაშვილი ყურადღებას ყველა პრობლემურ საკითხზე გაამახვილებს“.

როგორი იქნება პრეზიდენტის წლევანდელი გამოსვლა პარლამენტში და რა ახალ დაპირებებს მიიღებს მოსახლეობა მისგან, როგორც წარიმართება მასა და ოპოზიციას შორის ერთდროულად მწვავე და კონსტრუქციული დებატები, სულ რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი. ასე რომ, „აიხვიეთ თვალები“ და გელით ყველას ტელეეკრანებთან 11 თებერვალს.