აქტუალური
რუსეთი რეგიონში დესტაბილიზაციის საფრთხეს ქმნის - მარგველაშვილი

     საქართველო, 16 მარტი, საქინფორმი. არჩილ ტატუნაშვილი საქართველოს მოქალაქეა, რომელიც საერთაშორისო მისიებში მონაწილეობით საერთაშორისო უსაფრთხოებას იცავდა და რომელიც საქართველოს ოკუპირებულ რეგიონში დაიღუპა, სულ რამდენიმე კვირის წინ. ეს კიდევ ერთი საგანგაშო სიგნალია რუსეთი რეგიონში დესტაბილიზაციის საფრთხეს ქმნის, – ეს განცხადება საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა აშშ-ის კონგრესის სპიკერ პოლ რაიანთან, აშშ-ის კონგრესის უმრავლესობის ლიდერთან, კონგრესმენ კევინ მაკკარტისთან და კონგრესმენ ტედ პოსთან შეხვედრისას გააკეთა.
გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაცია და საქართველოს რეგიონების დამოუკიდებელ ქვეყნებად გამოცხადება ისტორიული ანომალია და უსამართლობაა. საქართველო დაისაჯა გადაწყვეტილებისათვის, გამხდარიყო დამოუკიდებელი – ამ სასჯელს ოკუპაციის ფორმა აქვს. მისივე თქმით, ქართველი ხალხი არ უღალატებს საკუთარ ნაციონალურ იდენტობას.
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, კონგრესმენებმა გიორგი მარგველაშვილთან საქართველოს ნატოში ინტეგრაციის პროცესი განიხილეს და ნატოს მომავალი სამიტის შესახებ ისაუბრეს. კონგრესმენებმა მადლობა გადაუხადეს საქართველოს პრეზიდენტს საერთაშორისო მისიებში მონაწილეობისათვის და კიდევ ერთხელ აღნიშნეს საქართველოს დემოკრატიული რეფორმებისა და ქვეყნებს შორის ორმხრივი ურთიერთობების განვითარების მნიშვნელობა.
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, გიორგი მარგველაშვილის ვიზიტის მთავარი ამოცანა საქართველოს უსაფრთხოების მიმართ აშშ-ის ხელისუფლების წარმომადგენლების მხარდაჭერის გამყარება, ინტენსიური დიალოგის გაძლიერება და საქართველოს მხარდამჭერთა კონსოლიდაციაა.
ვაშინგტონში საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტი 16 მარტს დასრულდება.