აქტუალური
ვახტანგ გომელაური პარლამენტს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანგარიშს წარუდგენს

     საქართველო, 18 აპრილი, საქინფორმი. პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დღეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანგარიშს მოისმენენ. დოკუმენტს სუს-ის უფროსი ვახტანგ გომელაური წარადგენს.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, დღეისათვის ქვეყნის წინაშე მდგარი გამოწვევები უკავშირდება რუსეთის ფედერაციის მიერ ოკუპირებული ტერიტორიებიდან მომდინარე საფრთხეებს, საერთაშორისო ტერორიზმს, უცხო ქვეყნების სპეცსამსახურების საქმიანობას, კორუფციასა და სამოხელეო დანაშაულს, მასობრივი განადგურების იარაღისა და მასალების შესაძლო გავრცელებას.
როგორც ანგარიშშია ნათქვამი, ოკუპირებულ რეგიონებში შექმნილი ვითარება მიუთითებს, რომ რუსეთის ფედერაცია ინსტიტუციურ დონეზე სოხუმისა და ცხინვალის ე.წ. სუვერენიტეტს ეტაპობრივად აუქმებს. საოკუპაციო ძალები და დე-ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლები ღიად ახორციელებენ ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ეთნიკურად ქართველი მოსახლეობის მიზანმიმართულ დისკრიმინაციას, რაც სხვადასხვა მიმართულებით გამოიხატება.
სუს-ის ანგარიშში ასევე ლაპარაკია ჰიბრიდული ომის ტაქტიკასა და მისი გამოყენების მექანიზმებზე. კონტრდაზვერვითი საქმიანობის შედეგად მოპოვებული ინფორმაციის ანალიზი ცხადყოფს, რომ უცხო ქვენების სპეცსამსახურების ძირითად ამოცანებს ქართველ საზოგადოებაში ანტიდასავლური განწყობების გაღვივება, საერთაშორისო დონეზე საქართველოს, როგორც საიმედო პარტნიორის იმიჯის შელახვა, საზოგადოებაში უნდობლობის, გაურკვევლობისა და ნიჰილიზმის გაჩენა, ეთნიკურ და რელიგიურ ნიადაგზე დესტაბილიზაციის კერების შექმნა წარმოადგენს. საკუთარი ამოცანების შესასრულებლად, სხვადასხვა ქვეყნების სპეცსამსახურები აქტიურად იყენებენ “ჰიბრიდული ომის“ ტაქტიკას, რომლის საშუალებითაც პროპაგანდისტული მედიაკამპანიისა და დეზინფორმაციის, კომპრომატების, კიბეროპერაციებისა და ცალკეული კიბერშეტევების, დესტრუქციული პოლიტიკური ჯგუფებისა და საზოგადოებრივ-პოპულისტური გაერთიანებების გამოყენებით, სასურველი შედეგის მიღებას ცდილობენ.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის 2017 წლის საქმიანობის ანგარიშში ყურადღება გამახვილებულია ისეთ მიმართულებებზე, როგორიცაა ტერორიზმთან და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა, მასობრივი განადგურების იარაღისა და მასალების გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლა, პერსონალურ მონაცემთა დაცვა და საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობა, ანალიტიკური საქმიანობა და საერთაშორისო თანამშრომლობა.