საზოგადოება
ახალი ინვესტიციები ტყიბულის მაღაროების უსაფრთხოებისთვის

shaxtaტყიბულის მაღაროების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი ახალ ინვესტიციებს მოიზიდავს.

როგორც საქინფორმის კორესპონდენტს კომპანია "საქნახშირის“ პრეს–სამსახურში აცნობეს, უსაფრთხოების თანამედროვე ტექნოლოგიებს ამერიკული კორპორაცია "კოვალენტ ენერჯი" დანერგავს.

საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი ამ პროექტის დასაფინანსებლად მოლაპარაკებებს კომპანია "ოპიკთან" აწარმოებს.

25-მილიონიანი პროექტი, რომლის მიზანი ქვანახშირის მოპოვებისას გამოყოფილი მეთანის გაუვნებელყოფა იქნება, ივლისიდან განხორციელდება და რამდენიმე წელიწადს გაგრძელდება.

შეგახსენებთ, რომ ტყიბულის ქვანახშირის მაღაროების თანამშრომლებმა თებერვლის დასაწყისში გაფიცვა მოაწყვეს სამუშაო პირობების გაუმჯობესების მოთხოვნით. ბოლო ერთი წლის მანძილზე ტყიბულის მაღაროებში სამი აფეთქება მოხდა, რომელსაც ცხრა მაღაროელი ემსხვერპლა, ხოლო ათი – დაშავდა.

მაშინ საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანება მიესალმა მაღაროელებსა და "საქნახშირს“ შორის მიღწეულ შეთანხმებას და განაცხადა, რომ ის მოიცავს ყველა იმ ძირითად ასპექტს, რის გამოც მაღაროელებმა გაფიცვა გამოაცხადეს, მათ შორისაა შრომის უსაფრთხოებაც.