საქართველო, 20 ივნისი, საქინფორმი. ეკონომიკური მიმართულების ხუთი საპარლამენტო კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე საქართველოს მთავრობის შემადგენლობასა და სამთავრობო პროგრამას „თავისუფლება, სწრაფი განვითარება, კეთილდღეობა“ მხარი დაუჭირეს.
კომიტეტებმა კენჭისყრა ცალ-ცალკე ჩაატარეს და შედეგები სხდომაზევე გამოაცხადეს. ხმები ასე გადანაწილდა:
აგრარულ საკითხთა კომიტეტი - 11 მომხრე, ერთმა თავი შეიკავა; გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი – რვა მომხრე, ორმა თავი შეიკავა; დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი – ცხრა მომხრე, ერთი წინააღმდეგი; საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი – შვიდი მომხრე, ერთი წინააღმდეგი; რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტი – ცხრა მომხრე.
საქართველოს პარლამენტში მთავრობის წევრობის კანდიდატებს უსმენენ. როგორც საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა მამუკა ბახტაძემ განაცხადა, მთავრობის შემადგენლობა სტრუქტურული ცვლილებების შემდეგ შეიცვლება. მისივე თქმით, სტრუქტურული რეფორმების ფარგლებში სამინისტროების რაოდენობა 14-დან 11-მდე შემცირდება. ამასთან, პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის განცხადებით, ცვლილებები ექვს სამინისტროს შეეხება.