საზოგადოება
საქართველოში ფულადი გზავნილების მოცულობით კვლავ რუსეთი ლიდერობს

     საქართველო, 20 ივნისი, საქინფორმი. რუსეთიდან საქართველოში 2018 წლის მაისში 37,2 მილიონ აშშ დოლარზე მეტი გადმორიცხეს, რაც 2017 წლის მაისთან შედარებით 1,7%-ით ნაკლებია, აღნიშნულია საქართველოს ეროვნული ბანკის ვებგვერდზე განთავსებულ მასალებში.

ქართულ კომერციულ ბანკებში ელექტრონული გზავნილების მთლიანი მოცულობიდან რუსეთის წილი მაისში 28,5%-ია.

ქართულ კომერციულ ბანკებში ელექტრონული ფულადი გზავნილების მოცულობა 2018 წლის მაისში, 2017 წლის იმავე პერიოდთან შედარებით, 13%-ით გაიზარდა და დაახლოებით 130,4 მილიონი დოლარი შეადგინა. ქართულ კომერციულ ბანკებში ელექტრონული ფულადი გზავნილების მოცულობა 2018 წლის იანვარმაისში, 2017 წლის იმავე პერიოდთან შედარებით, 19,2%-ით გაიზარდა და დაახლოებით 609,3 მილიონი დოლარი შეადგინა.

რუსეთიდან საქართველოში 2018 წლის დასაწყისიდან ფულადი გზავნილების მოცულობა 4%-ით მეტია, ვიდრე გასული წლის ამავე პერიოდში. რუსეთიდან ფულადი გზავნილების საერთო მოცულობამ 2018 წლის ხუთ თვეში დაახლოებით 175 მილიონი დოლარი შეადგინა.

საქართველოდან უცხოეთში მაისში 19,6 მილიონ დოლარზე მეტი გადარიცხეს, რაც 8,2%-ით მეტია, ვიდრე გასული წლის მაისში დაფიქსირდა. საერთო ჯამში საქართველოდან პირველ ხუთ თვეში გადარიცხულია 92 მილიონ დოლარზე მეტი, რაც 2017 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 17,3%-ით მეტია.