რედაქტორისგან
უპატრონო კვერცხები - არნო ხიდირბეგიშვილი

      საქართველოში, ქალაქ მარნეულში, კვერცხებიდან, რომლებიც სანარცხეზე გადაყარეს, რადგან გაფუჭებული ეგონათ, წიწილები გამოიჩეკნენ. როგორც ქართული მედიასაშუალებები მარნეულის მერზე დაყრდნობით იუწყებიან, ნაგავსაყრელზე მათთვის ხელსაყრელი პირობები აღმოჩნდა, ადგილობრივებმა კი სანაგვე პოლიგონზე მორბენალი ათასობით უპატრონო წიწილები შეიფარეს.

გასული კვირის არანაკლებ საინტერესო მოვლენად იქცა საქართველოს პარლამენტის ექსსპიკერის, საქართველოს რესპუბლიკური პარტიის ექსთავმჯდომარის, ამჟამად კი პარტია „შენების მოძრაობის“ ლიდერის დავით უსუფაშვილის ღია წერილი საქართველოს მოქმედ პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს წინადადებით - ერთობლივად შექმნან საქართველოში ცენტრისტული მოძრაობა, რომელიც ათასობით მომხრეს მოიზიდავს და ამა წლის ოქტომბერში საპრეზიდენტო არჩევნებზე მისი - მარგველაშვილის კანდიდატურას წამოაყენებს.

გამოიჩეკებიან თუ არა წიწილები, ანუ იქნება თუ არა ალიანსი პერსპექტიული, თუკი უსუფაშვილისა და მისი მეუღლის - ყოფილი თავდაცვის მინისტრის თინა ხიდაშელის მიერ დარეგისტრირებულ ორწევრიან პარტიას მესამე წევრი - მარგველაშვილი შეუერთდება? და ვინ არის სპონსორი „შენების მოძრაობისა“, რომელსაც ხელისუფლებაში მოსვლის ამბიციები აქვს? ამ შეკითხვებზე პასუხებს იპოვით საქინფორმის 2018 წლის 12 თებერვლის პუბლიკაციაში „დავით უსუფაშვილი - აშშ-ის კანდიდატი საქართველოს პრეზიდენტობაზე“, რომელშიც, კერძოდ, ნათქვამია: „2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე აშშ მხარს დაუჭერს საქართველოში თავისი დიდი ხნის სტაბილური კადრის - დავით უსუფაშვილის კანდიდატურას, რომელმაც საგანგებოდ ამისთვის უკვე წელიწადზე მეტია, ქართველ ხალხში სააკაშვილის „ნაცმოძრაობაზე“ გაცილებით უფრო არაპოპულარული „რესპუბლიკური პარტია“ დატოვა და დროებით „ოყუჩდა“.

ამავე პუბლიკაციაში მოყვანილია ამერიკელების მუშაობის სამი თავისებურება ნებისმიერ ქვეყანაში, რომელმაც თავისი ბედი სტრატეგიული პარტნიორობით აშშ-ს დაუკავშირა:
„1 - როდესაც ამერიკელებს რომელიმე ქვეყანაში სიტუაცია არ ესმით (როგორც უმეტეს შემთხვევაში ხდება), იქ სიტუაციას თვითონ ქმნიან (როგორც წესი - „ფერადი რევოლუციის“ გზით); 2 - ამერიკელები თავისიანებს არასოდეს ტოვებენ, მხოლოდ დროებით გადაჰყავთ ოქროს რეზერვში და ფინანსურ დახმარებას აგრძელებენ; 3 - ამერიკელები თავის „კვერცხებს ერთ კალათაში არ ინახავენ“, მაგალითად: თუ ერთი „კვერცხი“ დავით უსუფაშვილია, მეორე - საქართველოს მოქმედი პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი გახლავთ“.

უსუფაშვილი&მარგველაშვილის - სტილითა და იდეოლოგიით იდენტური ფიგურების - შესაძლო ტანდემზე ნათქვამია 2017 წლის 19 დეკემბრის ინტერვიუშიც „ამერიკელი მზვერავები დიპლომატიური საფარის ქვეშ კეთილსინდისიერად ასრულებენ თავიანთ სამუშაოს საქართველოსა და სომხეთში“ (ვციტირებ): „აბა, რა საბაბით ხვდებიან ხშირად მათ (საქართველოში აშშ-ის საელჩოს თანამშრომლებს - რედ.) თამაშიდან გასული პოლიტიკური ფიგურები - საქართველოს პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი და მისი მეუღლე - საქართველოს ყოფილი თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი?! კიდევ რა საერთო საქმეები შეიძლება დღეს ჰქონდეთ საქართველოი 0,01%-იანი რეიტინგის მქონე „რესპუბლიკური პარტიის“ ყოფილ ლიდერებს CIA-ს მოქმედ რეზიდენტებთან, რომლებიც საქართველოში აშშ-ის საელჩოში დიპლომატიური საფარის ქვეშ მუშაობენ?“.

იმ პროგნოზში ერთადერთი შეცდომა ის არის, რომ მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებზე აშშ ფსონს უსუფაშვილი&მარგველაშვილზე დადებს, მაგრამ ჩვენ არ შეგვეძლო ფორსმაჟორული გარემოებების წინასწარ განჭვრეტა, რომელთა გამო ორი „კვერცხი“ დღეს უპატრონოდ დარჩა. არა, უკიდურესად დაბალი რეიტინგი დიდი არაფერი პრობლემაა, უსუფაშვილს და მარგველაშვილს მათთვის უკეთეს დროსაც კი რეიტინგი თუ ჰქონდათ, მხოლოდ - უარყოფითი. საქართველოს მოქმედ პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს 2013 წელს უარყოფითი რეიტინგიც კი არ ჰქონია, მაგრამ ამან ხელი ვერ შეუშალა „ქართული ოცნების“ დამფუძნებელს, მილიარდერ ბიძინა ივანიშვილს, ის პრეზიდენტად დაენიშნა! თუმცა რეიტინგის ფაქტორის მთლიანად უგულებელყოფა მეორე უკიდურესობაში გადავარდნას ნიშნავს. აშშ-მა სწორედ დაბალი რეიტინგის გამო გასცა ნებართვა პრეზიდენტ სააკაშვილის ქართული პოლიტიკიდან წასვლაზე.

დაბალი რეიტინგის გარდა, აშშ უსუფაშვილი&მარგველაშვილის ალიანსიდან საპრეზიდენტო კანდიდატის (ისევე, როგორც თავად ალიანსის) ლობირებას არ მოჰყვება ახალი გარემოებების გამო, რომელთა წინასწარ განჭვრეტა შეუძლებელი იყო. პირველ რიგში, ეს გახლავთ შეცვლილი ვითარება აშშ-ში. თებერვალში, როდესაც ჩვენი პროგნოზი გამოქვეყნდა, ვერავინ ივარაუდებდა, რომ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი - მილიარდერი, პროფესიონალი შოუმენი, ტელეწამყვანი და პუბლიცისტი - როლში ისე შევა, რომ აშშ-ის მთელ საშინაო და საგარეო პოლიტიკას თავდაყირა დააყენებს! აღარ ჩამოვთვლი ტრამპის მრავალრიცხოვან კარდინალურ გადაწყვეტილებებს, რომლებმაც ევროპელი ლიდერების პანიკა და თეთრ სახლში საკადრო აურზაური გამოიწვია ამერიკის ხელისუფლების სხვადასხვა შტოებს - პრეზიდენტსა და კონგრესს, სახელმწიფო დეპარტამენტს, პროკურატურას, CIA-ს, პენტაგონს, მედიას შორის გამუდმებულ კოლიზიებთან ერთად. დონალდს ხშირად მისი მეუღლე მელანიაც კი ეკამათება - გაიხსენეთ აშშ-ის გამოსვლა კლიმატის ცვლილების შესახებ პარიზის შეთანხმებიდან ანდა ბრძანებულება არალეგალ მიგრანტებთან დაკავშირებით! ტრამპის გაგება შეიძლება - კაცი გაცოფებამდე მიიყვანეს, წელიწად-ნახევრის განმავლობაში აიძულებდნენ, ემტკიცებინა - კრემლის ჯაშუში არ ვარო! ამ ყველაფრის გამო დღეს აშშ-ის ერთიან პოზიციაზე ლაპარაკი, მათ შორის, საქართველოს მიმართ, შეუძლებელია.

ტრამპის და პუტინის მომავალ შეხვედრაზე განხილული იქნება ამერიკა-რუსეთის ურთიერთობა, სირია, უკრაინა და რუსეთის წინააღმდეგ აშშ-ის სანქციები, რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის ხელშეკრულებიდან აშშ-ის გამოსვლა და სავაჭრო ომი ევროკავშირის ქვეყნებთან და ჩინეთთან, აშშ-ის გამოსვლა ირანთან ბირთვული შეთანხმებიდან და მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციიდან გამოსვლის მუქარა, აშშ-ის პრეტენზიები ნატოს წევრების მიმართ და ჩრდილოეთ კორეა - აი, პირველი რიგის ამოცანები, რომლებიც დღეს აშშ-ს აღელვებს! ხოლო ეგზისტენციალური საკითხი - ვინ იქნება ეგზოტიკური ჯორჯიას შემდეგი პრეზიდენტი (საქართველოს კონსტიტუციის ახალი რედაქციით, სახელმწიფოში არა მთავარი თანამდებობა) - ვაშინგტონს ნაკლებად აინტერესებს. ისინი უკვე მეხუთე თვეა, საქართველოში ელჩსაც კი არ ნიშნავენ! ჩვენი ზემოხსენებული პუბლიკაციიდან 10 დღის შემდეგ, ანუ 2018 წლის 22 თებერვალს აშშ-ის ელჩმა იან კელიმ თბილისი დატოვა და მისი შემცვლელი დღემდე არ გამოუგზავნიათ. სახელმწიფო დეპარტამენტის გაგება შეიძლება - ახალმა ელჩმა ხომ საქართველოში აშშ-ის ახალი პოლიტიკა უნდა გაატაროს, რომელიც ტრამპის და პუტინის შეხვედრის შედეგად და აშშ-ის ზემოჩამოთვლილი პირველი რიგის ამოცანების გადაწყვეტის კონტექსტში, შესაძლოა, საგრძნობლად ტრანსფორმირდეს.

ნუ ვიმკითხავებთ - საქართველო ხანგრძლივვადიან პერსპექტივაში აშშ-ის ნაციონალური ინტერესების უპირობო გავლენის სფეროში დარჩება თუ შედარებით დამოუკიდებელი მრავალვექტორიანი პოლიტიკის გატარებას შეძლებს, რასაც ჩუმ-ჩუმად უკვე ცდილობს სომხეთი და დიდი ხანია, აკეთებს აზერბაიჯანი. მაგრამ გამორიცხული არ არის, რომ „რევოლუციონერი“ ტრამპი უფროსი ბუშის მიერ გორბაჩოვისთვის მიცემულ პირობას შეასრულებს - ნატო აღმოსავლეთით აღარ გააფართოოს - და სტოლტენბერგს ალიანსში საქართველოს ინტეგრაციის პროცესის „გაყინვას“ უბრძანებს, სხვა შემთხვევაში ნატოდან აშშ-ის გამოსვლით დაემუქრება! ამით ტრამპი ამერიკის ბიუჯეტის დიდ თანხებს დაზოგავს და ამერიკელი გადასახადის გადამხდელთა მადლიერებას დაიმსახურებს, ამავე დროს კი საქართველოს ხელისუფლებას შეახსენებს, რომ საქართველოს სტრატეგიული პარტნიორი ნატო და ევროკავშირი კი არა, ამერიკის შეერთებული შტატებია!

ამიტომ დღეს აშშ უკვე აღარ ურჩევს ივანიშვილს, უსუფაშვილი ან მარგველაშვილი მმართველი პარტიიდან პრეზიდენტობის კანდიდატი გახადოს. 2012-2013 წლებში წყვილი „უპატრონო ბარტყი“ ბიძინა ივანიშვილმა სანაგვეზე იპოვა, წამოიყვანა და სახელმწიფოს ორ უმაღლეს სავარძელში ჩასვა, მაგრამ მათ შავი უმადურობით უპასუხეს, როგორც ხშირად ექცევიან უპატრონოები ყველას, ვინც შეიფარებს... მარგველაშვილისადმი ღია წერილში, მის სამოტივაციო ნაწილში უსუფაშვილი საქართველოში აპოკალიფსურ სურათს ხატავს და ყველაფერში ივანიშვილს ადანაშაულებს, რომელმაც, თურმე, 2012 წლის იდეალებს უღალატა და დიქტატორ სააკაშვილის ტოტალიტარული რეჟიმის ტრადიციები გააგრძელა - „ხელისუფლების მონოპოლიზაცია“ მოახდინა! ღია წერილის მთავარი თეზისია - „ქართულ ოცნებას“ სახელმწიფოს ვერ მართავს, „ნაციონალური მოძრაობა“ მას არყევს, პრორუსები და რუსეთი კი - ანგრევენ!“.

ყოველივე ზემოთქმულის მიუხედავად, უსუფაშვილი&მარგველაშვილის ალიანსი რუსეთსაც აძლევს ხელს და აშშ-საც, თუმცა მათში გახვრეტილ გროშსაც არავინ გადაიხდის! რუსეთი მხოლოდ მოხარულია, როდესაც საქართველოს მართავს ლიდერშიპი, რომელიც მარტოოდენ ლენგლიდან მიღებულ დაზეპირებულ მესიჯებს იმეორებს „რუსულ ჰიბრიდულ ომზე“ და „რბილ ძალაზე“, მაგრამ უნარი არ აქვს, ეს დასაბუთებულად, დემაგოგიის გარეშე დაამტკიცოს. პოპულისტი უსუფაშვილის და მარგველაშვილის ტიპის ქართველ პოლიტიკოსებს კრეატიული აზროვნება არ გააჩნიათ და წინ მოძრაობა მხოლოდ უცხოურ „რელსებზე“ შეუძლიათ. მოჩვენებითი კომუნიკაბელურობის და გარეგნული პროდასავლურობის მიუხედავად, მათ რუსეთის ხელმძღვანელობასთან, ასევე აფხაზებთან და ოსებთან დისპუტის ან დიალოგის დაწყების ეშინიათ, და ამის გამო უფრო მეტად კომპლექსდებიან! ისინი შევარდნაძე-ჟვანიას პოსტსაბჭოთა ეპოქაში ჩამოყალიბდნენ, მართვის არც საბჭოთა, არც დასავლური მენეჯმენტის სკოლა არ გაუვლიათ, ამიტომ არ აქვთ ჩვევა, სამუშაო რეჟიმში ეძებონ კომპრომისული გადაწყვეტილებები, აღიარონ საკუთარი შეცდომები და ოპონენტს, მაგალითად - რუსულ მხარეს მის არათანმიმდევრულობასა და შეცდომებზე მიუთითონ; დამოუკიდებლად მიიღონ გადაწყვეტილებები და ამით საქართველოს ეროვნული ინტერესები დაიცვან. ანუ მათი ბექგრაუნდი საშუალებას არ აძლევს, დამოუკიდებლები და თავისი ქვეყნის ბედზე პასუხისმგებელნი იყვნენ! ამიტომ, თუკი ისინი კვლავ საქართველოს ხელისუფლების სათავეში აღმოჩნდებიან, რუსეთი განაგრძობს საქართველოს მიმართ „რკინის ხელით“ იმ პოლიტიკის გატარებას, რომელიც მხოლოდ რუსეთის ეროვნულ ინტერესებს ითვალისწინებს, რადგან ქართული მხარისგან ღირსეულ წინააღმდეგობას ვერ შეხვდება, რომელიც ნებისმიერ ოპონენტს პატივისცემითა და გაგებით გამსჭვალავს.

P.S.
ოლეგი, პენზა: მართალია, რომ სააკაშვილს ერთი ადგილით ჩამოკიდებას დაჰპირდით?
პუტინი: რატომ ერთით?..
(რფ-ის პრეზიდენტ ვ. პუტინის პასუხიდან ტელემაყურებელს ყოველწლიური პრესკონფერენციის მსვლელობისას)

საქინფორმის მთავარი რედაქტორი
არნო ხიდირბეგიშვილი
2018 წლის 9 ივლისი
საქართველო, თბილისი