სამართალი
არასამთავრობო ორგანიზაციები დევნილთა გამოსახლების თაობაზე UNHCR–ის განცხადებას აკრიტიკებენ

devnilebi_gamosaxlebaრვა ქართულმა არასამთავრობო ორგანიზაციამ ერთობლივ ღია წერილში გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის (UNHCR) თბილისის წარმომადგენლობა გააკრიტიკა 3 თებერვალს გამოქვეყნებული განცხადების გამო, რომელშიც ნათქვამია, რომ, მიუხედავად გარკვეული ხარვეზებისა, იანვარში, თბილისის დროებითი თავშესაფრებიდან დევნილი ოჯახების გამოსახლების პროცესში "საერთაშორისო სამართლის ან საერთაშორისო სტანდარტების არსებითი დარღვევა არ მომხდარა“.

ღია წერილს ხელს აწერენ შემდეგი არასამთავრობო ორგანიზაციები: კავკასიის ქალთა ქსელი; "ადამიანის უფლებათა პრიორიტეტი"; საერთო სამოქალაქო მოძრაობა "მრავალეროვანი საქართველო"; ადამიანის უფლებათა ცენტრი; კოალიცია სამოქალაქო განვითარებისათვის; კონფლიქტებისა და მოლაპარაკებების საერთაშორისო კვლევითი ცენტრი; "ჯანმრთელი სამყარო"; ქალთა განათლებისა და ინფორმაციის საერთაშორისო ცენტრი.

"ჩვენ, საქართველოში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციები, მაღალ შეფასებას ვაძლევთ UNHCR–ის, როგორც მიუკერძოებელი ორგანიზაციის სულისკვეთებასა და საქმიანობას... სწორედ ამიტომ, ჩვენს ვალად მიგვაჩნია, კრიტიკული ღია წერილი გამოვაქვეყნოთ საქართველოში UNHCR–ის წარმომადგენლობის ა.წ. თებერვლის ოფიციალური განცხადების საპასუხოდ,“ – ნათქვამია ღია წერილში, რომლის ადრესატიც გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარი ანტონიო გუტერესია.

"UNHCR–ის 2011 წლის თებერვლის ოფიციალურმა განცხადებამ დევნილთა გამოსახლებასთან დაკავშირებით შელახა და ეჭვქვეშ დააყენა ამ ორგანიზაციის რეპუტაცია, შეურაცხყო, დააბნია და გააღიზიანა საზოგადოება; ომით დაზარალებულებს, დევნილებსა და სამოქალაქო საზოგადოების სხვა წარმომადგენლებს აფიქრებინა, რომ UNHCR–ის წარმომადგენლობის როლი მხოლოდ ხელისუფლების უკანონო ქმედებების გამართლებაშია,“ – ნათქვამია ღია წერილში. ამავე წერილის თანახმად, უნდა აღიკვეთოს მსგავსი პრაქტიკა, როდესაც თავისი უკანონო ქმედებების გასამართლებლად ხელისუფლება UNHCR–ის წარმომადგენლობისკენ იშვერს ხელს ან მის განცხადებას ეფარება.

წერილის თანახმად, იმ დროს, როდესაც UNHCR–ი აღნიშნავს განცხადებაში, რომ ის აკვირდებოდა პროცესს, იგი არაფერს ამბობს დაკვირვების პროცესის დეტალებზე, მათ შორის გამოყენებულ მეთოდოლოგიასა და დაკვირვების ფარგლებზე.

წერილის თანახმად, ნაცვლად იმისა, რომ განცხადებაში გამოსახლების პროცესთან დაკავშირებით ქართველი იურისტების "ურთიერთსაწინააღმდეგო მოსაზრებების“ თაობაზე ესაუბრა, კომისარიატს იმ ფაქტზე უნდა გაემახვილებინა ყურადღება, რომ "დევნილები სრულიად მოკლებულნი იყვნენ შესაძლებლობას, დავა საკუთარი უფლებებისთვის ეწარმოებინათ სასამართლო წესით,“ ვინაიდან ხელისუფლებამ მათ დაგეგმილი გამოსახლების თაობაზე ცოტა ხნით ადრე აცნობა.

წერილში ასევე ნათქვამია, რომ UNHCR–ის განცხადება, რომლის მიხედვითაც "არავინ დარჩენილა ქუჩაში“, "უსაფუძვლოა,“ ვინაიდან "დღემდე საზოგადოებამ და დაინტერესებულმა პირებმა არ იციან, თუ რამდენი ოჯახი გამოასახლეს, მათგან რამდენი დათანხმდა ან იძულებული გახდა გადასვლაზე, ხოლო რამდენმა თქვა უარი გადასახლებაზე“.