პოლიტიკა
ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციის ახალი პროექტი

batuსაქართველოს უსაფრთხოების კონცეფციის ახალ პროექტში ქვეყნის უსაფრთხოების ერთ–ერთ მთავარ გამოწვევას რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია წარმოადგენს და საუბარია მოსკოვის მხრიდან ახალი სამხედრო აგრესიის რისკებზე.

კონცეფციის ახალი პროექტი, რომლის დამტკიცებაც მსჯელობათა სერიის შემდეგ პარლამენტის მიერ მიმდინარე საგაზაფხულოს სესიის ფარგლებში იგეგმება, 2005 წელს პირველი ასეთი დოკუმენტის მიღების შემდეგ საქართველოს უსაფრთხოების გარემოში მომხდარ ცვლილებებს ასახავს.

უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილემ ბათუ ქუთელიამ 18 თებერვალს თავდაცვისა და უშიშროების, საგარეო ურთიერთობათა და ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე დოკუმენტის განხილვისას განაცხადა, რომ ახალი კონცეფცია სწრაფად ადაპტირებადი უნდა იყოს "ცვალებადი უსაფრთხოების გამოწვევების პირობებში“. მისი თქმით, დამტკიცებამდე დოკუმენტში შესაძლოა მცირე კორექტივები შევიდეს.

40–გვერდიანი დოკუმენტის პროექტი, მიმოიხილავს რა საქართველოს უსაფრთხოების გარემოს, განმარტავს საქართველოს ფუნდამენტური ეროვნული ღირებულებებს; ეროვნულ ინტერესებს; განსაზღვრავს ქვეყნის წინაშე მდგარ საფრთხეებს, რისკებსა და გამოწვევებს; და ადგენს საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის ძირითად მიმართულებებს.

 

ღირებულებები

 

პროექტის მიხედვით, საქართველოს ფუნდამენტალურ ეროვნულ ღირებულებებს წარმოადგენს სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა; თავისუფლება; დემოკრატია და კანონის უზენაესობა; უსაფრთხოება; კეთილდღეობა და მშვიდობა, რომელთაც დაცვაც "აუცილებელია საქართველოს არსებობის, უსაფრთხოებისა და განვითარებისთვის“ და რასაც ქვეყანა "ყველა კანონიერი საშუალებით“ უზრუნველყოფს.

ამასთან პროექტში ნათქვამია, რომ საქართველოსათვის "მიუღებელია მისი სუვერენიტეტისა და თავისუფალი საგარეო პოლიტიკური არჩევანის გაკეთების უფლების შეზღუდვის მცდელობები“; იგი ერთგულია უნივერსალური დემოკრატიული პრინციპების და "უზრუნველყოფს კანონის უზენაესობას, პლურალიზმსა და უმცირესობათა უფლებების დაცვას და ხელს უწყობს სამოქალაქო საზოგადოებისა და სხვა დემოკრატიული ინსტიტუტების შემდგომ გაძლიერებას“; მიაჩნია, რომ "ერთი სახელმწიფოს უსაფრთხოება ვერ განმტკიცდება მეორე სახელმწიფოს უსაფრთხოების შეზღუდვის ხარჯზე“ და სადავო საკითხების გადასაწყვეტად მიზნად ისახავს "მშვიდობიანი, საერთაშორისო სამართლის ნორმებით გათვალისწინებული მეთოდების" გამოყენებას.

 

ეროვნული ინტერესები

კონცეფციის პროექტის მიხედვით, საქართველოს ეროვნულ ინტერესებს წარმოადგენს: სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის; ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველყოფა; ეროვნული ერთიანობის და სამოქალაქო თანხმობის განმტკიცება; ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია; მდგრადი ეკონომიკური განვითარების; ენერგეტიკული უსაფრთხოების; რეგიონული სტაბილურობის უზრუნველყოფა; ქვეყნის სატრანზიტო ფუნქციის განმტკიცება; ქვეყნისა და რეგიონის ეკოლოგიური უსაფრთხოების; ეროვნული და კულტურული თვითმყოფადობის უზრუნველყოფა; საქართველოს ინფორმაციული სივრცის უსაფრთხოების განმტკიცება და დემოგრაფიული უსაფრთხოების უზრუნველყოფა.

ტერიტორიული მთლიანობის ნაწილში, პროექტი ამბობს, რომ "საქართველო მოწოდებულია, მის ხელთ არსებული ყველა სამართლიანი და მშვიდობიანი საშუალების გამოყენების გზით, აღადგინოს და შეინარჩუნოს ტერიტორიული მთლიანობა და უზრუნველყოს ქვეყნის საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების დაცვა“.

სახელმწიფოს ერთ–ერთ მთავარ პრიორიტეტად არის დასახელებული „მრავალეთნიკური ქართველი ერის წარმომადგენლების თანაბარი ჩართულობა ქვეყნის საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ცხოვრებაში“, "სხვადასხვა ეთნიკური ჯგუფების ინტეგრაციის“ ხელშეწყობა და ამასთანავე, მათი "იდენტობის, ენის, კულტურის და აღმსარებლობის შენარჩუნება“ . ასევე ხაზგასმულია „ოკუპირებულ ტერიტორიებზე დარჩენილ მოსახლეობასთან კონტაქტების აღდგენის და შენარჩუნების“ მნიშვნელობა.

ეკონომიკური კუთხით, პროექტში საუბარია, რომ საქართველოს ხელისუფლება მდგრადი განვითარებისთვის უზრუნველყოფს შესაბამისი პირობების შექმნას და "ეკონომიკის ფუნქციონირებაში სახელმწიფოს მინიმალურ ჩარევას“.

პროექტის მიხედვით, საქართველოს უსაფრთხოებაზე პირდაპირ გავლენას ახდენს "ევროპაში, შავი ზღვის რეგიონსა და კავკასიაში მიმდინარე პროცესები“ და ამასთან "მნიშვნელოვანია შუა აზიასა და ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე პროცესების გავლენა საქართველოზე“.

ინფორმაციული ტექნოლოგიების სწრაფ განვითარებასთან ერთად საქართველო დიდ მნიშვნელობას ანიჭებს "კიბერდანაშაულთან ბრძოლას და კიბერსივრცეში დივერსიული ტიპის აქტებისგან თავდაცვას“, ნათქვამია პროექტში.

ზემოთ აღნიშნულის მსგავსად, საქართველოს ახალ ეროვნულ ინტერესად არის დასახელებული დემოგრაფიული უსაფრთხოების უზრუნველყოფა, მათ შორის "შობადობის მატებისა“ და უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეების სამშობლოში დაბრუნების ხელშეწყობით.

 

საფრთხეები, რისკები და გამოწვევები

 

კონცეფციის პროექტის ეს ნაწილი შეიცავს ათ მიმართულებას: რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია; რუსეთის მხრიდან ახალი სამხედრო აგრესიის რისკი; კავკასიაში არსებული კონფლიქტების გადმოდინება; საერთაშორისო ტერორიზმი; ეკონომიკური და სოციალური; ენერგეტიკული; ინფორმაციული; ეკოლოგიური გამოწვევები; ტრანსნაციონალური ორგანიზებული დანაშაულებანი და დემოგრაფიული გამოწვევები.

მიმოიხილავს რა მე–20 საუკუნის დასაწყისში, ასევე 90–იანი წლებსა და 2008 წლის აგვისტოში რუსეთის აგრესიულ ქმედებებს საქართველოში "ეთნიკური წმენდის“ ფაქტების ხაზგასმით, კონცეფციის პროექტი, რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის ნაწილის სამხედრო ოკუპაციას და ამ რეგიონების "ინტენსიური მილიტარიზაციას“ ნომერ პირველ საფრთხედ ასახელებს, რაც ქვეყნის "პოლიტიკური, ეკონომიკური და სოციალური დესტაბილიზაციის უმნიშვნელოვანეს ფაქტორს წარმოადგენს“.

"სამხედრო ინტერვენციის მეშვეობით შექმნილი ვითარების ლეგალიზების მიზნით, რუსეთის ხელისუფლებამ, საერთაშორისო სამართლის პრინციპების და ცეცხლის შეწყვეტის შესახებ 2008 წლის 12 აგვისტოს შეთანხმების უგულებელყოფით, ცალმხრივად აღიარა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ე.წ. დამოუკიდებლობა და აფხაზეთში და ცხინვალის რეგიონში განალაგა ახალი სამხედრო ნაწილები და ინფრასტრუქტურა. გარდა ამისა, რუსეთმა საერთაშორისო თანამეგობრობის წევრებს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობის აღიარებისკენ მოუწოდა და ამ მიზნით, ახორციელებდა და ახორციელებს პოლიტიკურ და ეკონომიკურ ზეწოლას რიგ სახელმწიფოებზე,“– ნათქვამია დოკუმენტის პროექტში.

ახალი სამხედრო აგრესიის რისკებთან დაკავშირებით, პროექტი აღნიშნავს, რომ რუსეთის მთავარი სამიზნეა "საქართველოს ევროატლანტიკური არჩევანის რეალიზაციისთვის ხელის შეშლა და საქართველოს რუსულ ორბიტაზე ძალადობრივი გზით დაბრუნება“.

“შესაბამისად, 2008 წლის აგვისტოში წარმოებული სამხედრო აგრესიის საბოლოო მიზანი იყო არა საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია ან მარიონეტული რეჟიმების საერთაშორისო აღიარება, არამედ, საქართველოს პროდასავლური მთავრობის შეცვლა, რადგან დამოუკიდებელი და დემოკრატიული საქართველო რუსეთის მმართველი პოლიტიკური ელიტის მიერ მნიშვნელოვან საფრთხედ აღიქმება,“– ნათქვამია პროექტში.

დოკუმენტის თანახმად, ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსული სამხედრო პოტენციალის ზრდა "მორიგი სამხედრო ინტერვენციისათვის პლაცდარმს წარმოადგენს“, თუმცა ამ პოტენციური რისკის "მნიშვნელოვანი შემაკავებელი ფაქტორია“ საქართველოსადმი გამოხატული საერთაშორისო მხარდაჭერა.

პროექტში ასევე სერიოზულ საფრთხედ არის წარმოდგენილი კავკასიის რეგიონში, კერძოდ, ჩრდილოეთ კავკასიაში არსებული და მთიანი ყარაბაღის მოუგვარებელი კონფლიქტების საქართველოს ტერიტორიაზე შესაძლო გადმოდინება.

საერთაშორისო ტერორიზმი მიჩნეულია, როგორც საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების მნიშვნელოვან გამოწვევად და "აქედან გამომდინარე, საქართველო დიდ მნიშვნელობას ანიჭებს საერთაშორისო თანამეგობრობასთან ერთად საერთაშორისო კონტრტერორისტულ კამპანიებში მონაწილეობას“.

პროექტის თანახმად, საქართველოს უსაფრთხოებისთვის მნიშვნელოვანია, „ეკონომიკური ზრდის მაღალი ტემპების კვლავ მიღწევა და შენარჩუნება, რამაც უნდა უზრუნველყოს საშუალო ფენის შემდგომი გაძლიერება და სიღარიბის დონის შემცირება“, რადგან „არასათანადო სოციალურმა და ეკონომიკურმა განვითარებამ, შესაძლოა, ხელი შეუწყოს სოციალურ და პოლიტიკურ დაძაბულობას“.

ინფორმაციული გამოწვევების კუთხით, დოკუმენტში მაგალითად მოყვანილია 2008 წლის აგვისტოს ომის დროს "მასირებული კიბერ-თავდასხმები“, რამაც წარმოაჩინა, რომ "კიბერ-სივრცის დაცვა ეროვნული უსაფრთხოებისთვის ისევე მნიშვნელოვანია, როგორც სახმელეთო, საზღვაო და საჰაერო სივრცეების დაცვა“.

კონცეფციის პროექტის თანახმად, ეკონოგიური ზიანის თვალსაზრისით საქართველოს განსაკუთრებულ შეშფოთებას იწვევს და ყველა ღონეს იხმარს საერთაშორისო თანამეგობრობასთან თანამშრომლობით, რომ არ დაუშვას „შავი ზღვის სანაპიროს ეკოლოგიური კატასტროფა“, რაც შეიძლება შედეგად მოჰყვეს აფხაზეთში სამშენებლო მასალებისა და ხე-ტყის უკანონო მოპოვებასა და გატანას რუსეთში, სოჭის 2014 წლის ზამთრის ოლიმპიადის მოსამზადებლად.

 

ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის ძირითადი მიმართულებები

უსაფრთხოების პოლიტიკის პრიორიტეტებს შორისაა 17 მიმართულება: საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების დეოკუპაცია და ურთიერთობა რუსეთის ფედერაციასთან; ჩართულობის პოლიტიკა; ქვეყნის უსაფრთხოების სისტემის ეფექტიანობის ამაღლება და თავდაცვისუნარიანობის განმტკიცება; სახელმწიფო ინსტიტუტების განვითარება და დემოკრატიის განმტკიცება; ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია; თანამშრომლობა სამხრეთ კავკასიაში; საერთაშორისო კავშირების განმტკიცება; ბრძოლა საერთაშორისო ტერორიზმის და ტრანსნაციონალური ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ; ეკონომიკური; და ენერგეტიკული უსაფრთხოების პოლიტიკა; განათლების; სოციალური უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის; ინფორმაციული უსაფრთხოების პოლიტიკა; კულტურული მემკვიდრეობის დაცვა; დემოგრაფიული პოლიტიკა; სამოქალაქო ინტეგრაციის პოლიტიკა.

დეოკუპაციის მისაღწევად, რასაც ასევე ესაჭიროება საერთაშორისო თანამეგობრობის "უფრო აქტიური მონაწილეობა“, საქართველოს ხელისუფლება მოწოდებულია გადადგას დროული და ეფექტური ნაბიჯები "მშვიდობიანი, საერთაშორისო სამართლის პრინციპებზე დამყარებული მეთოდებით“ და ესწრაფვის "ისეთი სამშვიდობო მექანიზმის შექმნას, რომელიც უზრუნველყოფს ოკუპირებული ტერიტორიებიდან რუსეთის შეიარაღებული ძალების გაყვანას და იქ საერთაშორისო სამშვიდობო ძალების განლაგებას“.

პროექტის ამ ნაწილში ასევე საუბარია იძულებით გადაადგილებულ პირთა უსაფრთხო დაბრუნების საჭიროებაზე და მათი ქონებრივი უფლებების აღდგენაზე. ამასთან, ნათქვამია, რომ საქართველო წინ აღუდგება რუსეთის ქმედებებს მიმართულს „აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დემოგრაფიული შემადგენლობისა და ქონებრივი მდგომარეობის უკანონოდ შეცვლისაკენ“.

რუსეთთან ურთიერთობების კონტექსტში, პროექტი ამბობს, რომ საქართველოს სურს "კეთილმეზობლობისა და თანასწორობის პრინციპებზე დაფუძნებული ურთიერთობა“, თუმცა "ეს ვერ მოხერხდება რუსეთის მიერ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემის გარეშე“.

"საქართველო მომხრეა რუსეთის ფედერაციის გარდაქმნისა სტაბილურ დემოკრატიულ ქვეყნად,“ – ნათქვამია პროექტში.

რუსეთთან ურთიერთობების ნაწილში დოკუმენტი ასევე საუბრობს, რომ საქართველოსთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ჩრდილოეთ კავკასიაში თანამშრომლობისა და მშვიდობის ატმოსფეროს ჩამოყალიბებას და იქ "მცხოვრებ მოძმე ხალხებთან კავშირ-ურთიერთობების გაღრმავებას“.

ჩართულობის პოლიტიკა, დოკუმენტის თანახმად, საქართველოს ხელისუფლების მიერ შემუშავებული ის მიმართულებაა, რომელიც ხელს შეუწყობს ოკუპაციის შედეგად შექმნილი გამყოფი ხაზებით დაშორიშორებული საქართველოს მოქალაქეების ურთიერთობათა აღდგენა-გაღრმავებას.

რაც შეეხება თავდაცვისუნარიანობის განმტკიცებას, საქართველოს თავდაცვის დაგეგმვა ეფუძნება "ტოტალური თავდაცვის” პრინციპს, რაც ასევე "მოითხოვს სამოქალაქო თავდაცვის სისტემის დანერგვას“. პროექტის თანახმად, მიმდინარე რეფორმების მიზანია "შედარებით მცირე ზომის შეიარაღებული ძალები იყოს მაღალკვალიფიციური... მორალურად კარგად მომზადებული, სათანადოდ აღჭურვილი, NATO-ს ძალებთან თავსებადი, მობილური და ქმედითი ძალა, რომელიც შეძლებს როგორც ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვას გარე აგრესიისაგან, ისე საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოების მხარდაჭერის მისიებში მონაწილეობის გაგრძელებას“.

დემოკრატიის განმტკიცების ნაწილში, პროექტში საუბარია "ხალხის წინაშე ანგარიშვალდებული მმართველობის სისტემაზე“, რომლის მეშვეობითაც ქვეყანა უზრუნველყოფს „ხელსაყრელი პირობების შექმნას პოლიტიკური პარტიების, მოქალაქეთა სხვადასხვა გაერთიანებების, ინტერესთა ჯგუფების, საქმიანი წრეების, არასამთავრობო სექტორისა და მასმედიის ყველა საშუალების გასავითარებლად“.

ნატოში და ევროკავშირში ინტეგრაცია „საქართველოს მოქალაქეების მტკიცე ნების“ საფუძველზე საქართველოს პოლიტიკის ერთ–ერთ მნიშვნელოვან მიმართულებად რჩება და ქვეყანა იმედოვნებს, ეს პროცესი "რეფორმების განხორციელების შედეგებზე იქნება დამოკიდებული და მესამე მხარეს არ ექნება გავლენა“.

სამხრეთ კავკასიაში თანამშრომლობის კონტექსტში, პროექტში საუბარია აზერბაიჯანთან და სომხეთთან მჭიდრო პარტნიორული ურთიერთობების გაღრმავებაზე. აქვე ნათქვამია, რომ მთლიანი ყარაბაღის კონფლიქტის მოუგვარებლობა რეგიონის სტაბილურობას საფრთხეს უქმნის. "მიუხედავად არსებული წინააღმდეგობებისა, სამხრეთ კავკასიის სამ ქვეყანას შორის არსებობს თანამშრომლობის პოტენციალი,“ – ნათქვამია კონცეფციის პროექტში. ასევე აღნიშნულია, რომ აზერბაიჯანთან თანამშრომლობა "სტრატეგიულ პარტნიორობად ჩამოყალიბდა“, ხოლო "საქართველოს მჭიდრო პარტნიორობა აკავშირებს სომხეთთან ორმხრივი ინტერესების ყველა სფეროში“. საქართველო ასევე მიესალმება თურქეთ-სომხეთის ურთიერთობათა ნორმალიზაციისკენ მიმართულ ძალისხმევას.

 

საერთაშორისო კავშირების განმტკიცების კუთხით, კონცეფციის პროექტი სამ სახელმწიფოს გამოყოფს შემდეგი თანმიმდევრობით:

ამერიკის შეერთებული შტატებთან საქართველო აღრმავებს სტრატეგიულ პარტნიორობას 2009 წლის იანვარში ხელმოწერილი ქარტიის ფარგლებში. თბილისისთვის ასევე მნიშვნელოვანია აშშ–ის მრავალმხრივი დახმარება და მხარდაჭერა, მათ შორის ოკუპირებული ტერიტორიების დეოკუპაციის საკითხში.

უკრაინასთან საქართველო ესწრაფვის მაქსიმალურად გამოიყენოს "სტრატეგიული პარტნიორობის შესაძლებლობები". თბილისისთვის ასევე მნიშვნელოვანია კიევთან თანამშრომლობა ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში.

თურქეთი პროექტში მოხსენიებულია, როგორც საქართველოს "წამყვანი რეგიონული პარტნიორი“. „ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავება და ენერგეტიკული და სატრანსპორტო, თუ სხვა პროექტების წარმატებით განხორციელება სტრატეგიული მნიშვნელობისაა ორივე ქვეყნისათვის,“– ნათქვამია დოკუმენტში, სადაც ასევე აღნიშნულია, რომ დიდი მნიშვნელობა ენიჭება "უსაფრთხოების და თავდაცვის სფეროში ურთიერთობების შემდგომ განვითარებას თურქეთთან“.

რეგიონული თანამშრომლობის კუთხით, კონცეფციის პროექტში, განსაკუთრებული ადგილი უკავია ბალტიის ქვეყნებთან "აქტიურ“ თანამშრომლობას. საქართველო ასევე დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ცენტრალური და სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის; სკანდინავიის ქვეყნებთან, მოლდოვასთან და ბელარუსთან, ასევე ყაზახეთთან, თურქმენეთთან და ცენტრალური აზიის სხვა ქვეყნებთან, ასევე ჩინეთთან, ახლო აღმოსავლეთის სახელმწიფოებთან, იაპონიასთან, ინდოეთთან, ბრაზილიასთან, აგრეთვე, ლათინური ამერიკის, აფრიკისა და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნებთან ურთიერთობებს.

მრავალმხრივი თანამშრომლობის კონტექსტში გამოყოფილია გაეროსთან, ეუთოსთან და ევროპის საბჭოთან თანამშრომლობა. "ხელისუფლების ძალისხმევა მიმართული იქნება... ეუთო-ს მისიის განახლებისკენ საქართველოში, რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების ჩათვლით,“– ნათქვამია პროექტში.