პოლიტიკა
საფრანგეთი აშშ-ის ვასალი არ არის! - ემანუელ მაკრონი

 საქართველო, 16 ნოემბერი, საქინფორმი. „აშშ და საფრანგეთი ისტორიული მოკავშირეები არიან, მაგრამ მოკავშირეობა ვასალობას არ ნიშნავს!“, - განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა ტელეარხ TF1-ის ეთერში ერთიანი ევროპული არმიის შექმნის იდეის კომენტირებისას.

„აშშ ჩვენი მოკავშირეა ნატოში. მაგრამ განა შემიძლია მე, როგორც პრეზიდენტს, ვუთხრა ჩვენს მოქალაქეებს: „მე მსურს, მთელი თქვენი უსაფრთხოება აშშ-ს გადავცე“? არა, იმიტომ, რომ მჯერა ჩვენი სუვერენიტეტის და ევროპის სუვერენიტეტის. რას ნიშნავს ეს? ეს იმას ნიშნავს, რომ ჩემი პასუხისმგებლობაა - დაგიცვათ, ჩვენმა არმიამ დაიცვას ჩვენი მოქალაქეები. და იმისთვის, რომ ეს გავაკეთოთ, არ უნდა ვიყოთ დამოკიდებული, მათ შორის აშშ-ზე. ზოგიერთ სფეროში ჩვენ ზოგჯერ მეტისმეტად დამოკიდებული ვართ და ეს ცუდია“, - განმარტა მაკრონმა.

„ზოგიერთ სფეროში“ მაკრონი გულისხმობდა სამხედრო უსაფრთხოებას ხმელეთზე, ზღვაზე, ჰაერში და კოსმოსში, აგრეთვე დამოუკიდებლობას კიბერუსაფრთხოების სფეროში. როგორც საქინფორმი იუწყებოდა, საფრანგეთის პრეზიდენტმა ერთიანი ევროპული არმიის შექმნის წინადადება წამოაყენა ევროკავშირის დასაცავად ჩინეთისაგან, რუსეთისაგან და აშშ-საგან, რადგან „ევროპა მის შიდა დემოკრატიულ პროცესებში და კიბერსივრცეში ჩარევის მრავალ მცდელობას აწყდება“. მის იდეას მხარი დაუჭირა კანცლერმა მერკელმა და მწვავედ გააკრიტიკა პრეზიდენტმა ტრამპმა.