პოლიტიკა
შენიშვნები გარემოს დაცვის სამინისტროს რეორგანიზაციის გეგმის მიმართ

garemos_dacva_2დეპუტატებს შენიშვნები აქვთ მთავრობის მიერ მომზადებული იმ საკანონმდებლო პაკეტის მიმართ, რომელიც გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს რეორგანიზაციას ითვალისწინებს, ხოლო გარემოს დამცველები ამ ცვლილებათა განხილვის შეჩერებას მოითხოვენ.

პარლამენტი მიმდინარე კვირაში გეგმავს მთავრობის თხოვნის საფუძველზე დაჩქარებული წესით განიხილოს და პირველი მოსმენით მიიღოს საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს დანაწევრების ხარჯზე მისი ფუნქციების უმეტესობის ენერგეტიკის სამინისტროსთვის გადაცემას, ხოლო ფუნქციების ნაწილის ეკონომიკის, სოფლის მეურნეობის, იუსტიციისა და ასევე რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროებს შორის გადანაწილებას ითვალისწინებს.

 

23 თებერვალს ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტმა პირველი მოსმენით განიხილა და, შენიშვნების მიუხედავად, მხარი დაუჭირა ცვლილებების პლენარულ სხდომაზე გატანას.

კომიტეტის თავმჯდომარემ და მმართველი პარტიის დეპუტატმა დავით დარჩიაშვილმა განაცხადა, რომ რეორგანიზაციის ფარგლებში ფუნქციების გადანაწილების "ადეკვატურობას“ შემდგომი განხილვები სჭირდება.

მისი თქმით, "პრობლემურია “დაცული ტერიტორიების სააგენტოს ეკონომიკის სამინისტროსთვის, ხოლო ბირთვული და რადიაციული საქმიანობის რეგულირებასთან დაკავშირებული საკითხების ენერგეტიკის სამინისტროსთვის გადაცემა და ეს ფუნქციები კვლავ გარემოს დაცვის სამინისტროს კომპეტენციაში უნდა დარჩეს.

"დაცული ტერიტორიები, პირველ რიგში, ნიშნავს შენარჩუნებას უნიკალური ფლორისა და ფაუნის და ბიომრავალფეროვნებაზე ყურადღების მიქცევას... ვფიქრობ, რომ გარემოს დაცვის სამინისტროსთან ბმა დაცული ტერიტორიების მართვისა და კონტროლის არ უნდა დაიკარგოს,“– განაცხადა მან და ამ პოზიციის გასამყარებლად ევროკავშირის შესაბამისი დირექტივები დაასახელა.

თუმცა მთავრობის საპარლამენტო მდივნის – გია ხუროშვილის მტკიცებით, დაგეგმილი რეორგანიზაცია ევროდირექტივებს არ ეწინააღმდეგება.

ამასთან, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტში არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან 23 თებერვალს გამართულ შეხვედრაზე, გარემოს დამცველებმა რეორგანიზაციის განხილვის შეჩერება მოითხოვეს.

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ აკაკი ბობოხიძემ მოუწოდა გარემოს დამცველებს, რომ იმგვარი რეკომენდაციები წარმოადგინონ, რაც გარემოს დაცვის სამინისტროს "რეალური ფუნქციებით“ აღჭურვავს და გადააქცევს მას მთავარ მაკონტროლებელ ორგანოდ ამ სფეროში.

“ერთად გავუწიოთ მთავრობას ოპონირება,“– განუცხადა მან არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს 24 თებერვალს დაგეგმილი საკომიტეტო მოსმენის წინ და ასევე ურჩია, მოითხოვონ არა განხილვის პროცესის შეჩერება, არამედ მისი გახანგრძლივება.

ბობოხიძემ ასევე აღნიშნა, რომ ხშირად მთავრობის გადაწვეტილებებში "პიროვნული ფაქტორები“ განმსაზღვრელია. „არ ვიცი, მინისტრის სისუსტის ბრალია თუ სისტემის მოუქნელობის, მაგრამ ცვლილებები რომ საჭიროა, ფაქტია,“– დასძინა მან.

დეკემბერში, მაშინ, როცა პრეზიდენტმა სააკაშვილმა მთავრობას გარემოს დაცვის სამინისტროს რეორგანიზაციის გეგმის წარმოდგენა დაავალა, მან მკაცრად გააკრიტიკა სამინისტროში, კერძოდ კი სატყეო დეპარტამენტში გამოვლენილი კორუფციული ფაქტები. თუმცა იქვე აღნიშნა, რომ "მადლობელია" მინისტრ გოგა ხაჩიძის, რომელიც "ბევრ კარგ საქმეს აკეთებს".

საპარლამენტო უმცირესობა იზიარებს არასამთავრობო სექტორის მოწოდებას რეორგანიზაციის გეგმის განხილვის შეჩერების თაობაზე. გიორგი ახვლედიანის, ,,ქრისტიან–დემოკრატი’’ დეპუტატის განცხადებით, მთავრობამ „ვერ მოახერხა რა კორუფციის დაძლევა ამ სფეროში, გადაწყვიტა სამინისტროს დაქუცმაცება“.

გარემოს დამცველმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა საპარლამენტო კომიტეტში გამართულ შეხვედრაზე მწვავედ გააკრიტიკეს საკანონმდებლო პაკეტი, როგორც "დაუსაბუთებელი“ და "დილეტანტურ“ დონეზე მომზადებული.

მათი განცხადებით, მთავრობას პროექტის შემუშავების პროცესში არანაირი წინასწარი კონსულტაციები მათთან არ გაუვლია, რაც ორჰუსის კონვენციის დარღვევაა.

გარემოს დამცველთა თქმით, "ინტერესთა კონფლიქტს“ და კორუფციის შესაძლებლობებს ქმნის ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროში რესურსების ლიცენზირების, კვოტების დადგენისა და სალიცენზიო პირობების კონტროლის სამსახურების ერთად თავმოყრა; ასევე, მიუღებელია დაცული ტერიტორიების სააგენტოს ეკონომიკის სამინისტროში გადატანა და ამით მისი გარემოსდაცვითი ფუნქციის დაკნინება ტურისტული დატვირთვის გაძლიერების ხარჯზე; „გაუგებარია“ ბირთვული და რადიაციული საქმიანობის რეგულირების სფეროსა და გეოლოგიური გარემოს მართვასთან დაკავშირებული საკითხების ენერგეტიკის სამინისტროს დაქვემდებარებაში გადატანა; და ამავე სამინისტროს შემადგენლობაში "სატყეო სააგენტოსა“ და "ნავთობისა და გაზის ეროვნული სააგენტოს“ ერთ სტრუქტურად გაერთიანება, რა პრაქტიკაც "მსოფლიოში არ არსებობს“.

გარემოს დაცვის ყოფილი მინისტრის – ნინო ჩხობაძის თქმით, საკანონმდებლო პაკეტში არსებულ "ძალიან საშიშ მექანიზმებს“ შორის უმთავრეს შეშფოთებას იწვევს ის, რომ ფუნქციებშეკვეცილ გარემოს დაცვის სამინისტროს აღარ ექნება აღსრულების ბერკეტები გარემოზე კონტროლისა და ზედამხედველობისთვის.

ამ ფუნქციებს გარემოს დაცვის ინსპექცია ახორციელებდა, რომელიც, პროექტის თანახმად, მას შემდეგ, რაც ენერგეტიკის სამინისტროს დაქვემდებარებაში გადავა, ორი თვის ვადაში უნდა იქნას ლიკვიდირებული.

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ აკაკი ბობოხიძემ განაცხადა, რომ რეორგანიზაციის შემდგომ ეტაპზე გარემოს დაცვის ინსპექციის პოლიციური ფუნქციების შინაგან საქმეთა სამინისტროში აკუმულირება იგეგმება.