სამართალი
თაღლითი ადვოკატები

arrested5თაღლითობის ბრალდებით, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფულის გამოძალვის ფაქტზე თბილისის პროკურატურამ ადვოკატები: სოსო ჯღარკავა და ლევან მელქაძე დააკავა.

როგორც მთავარი პროკურატურიდან გახდა ცნობილი, სოსო ჯღარკავამ და ლევან მელქაძემ განიზრახეს, მოტყუებით დაუფლებოდნენ ლია გაიხარაშვილის კუთვნილ თანხას, რომლის მეუღლე, სერგო დოშოიანი დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა-შენახვის ფაქტზე   იყო დაკავებული და რომლის ინტერესებს იცავდნენ ზემოხსენებული ადვოკატები.

განზრახვის აღსასრულებლად, სოსო ჯღარკავამ ლევან მელქაძესთან შეთანხმებით, დაარწმუნა ლია გაიხარაშვილი, რომ სერგო დოშოიანისთვის პროკურატურასთან საპროცესო შეთანხმების მისაღწევად საჭირო იყო შესაბამისი თანამდებობის პირისათვის 10 ათასი ლარის გადახდა, შეთანხმების ფარგლებში დოშოიანს მიესჯებოდა ჯარიმა და პირობითი მსჯავრი, ან უკიდურეს შემთხვევაში, ერთი წლით თავისუფლების აღკვეთა.

ამ გზით 2010 წლის სექტემბერში ჯღარკავამ მიიღო მისი დაცვის ქვეშ მყოფის მეუღლისაგან 10 ათასი ლარი, რომელიც გაუნაწილა ლევან მელქაძეს. ერთი თვის შემდეგ, ნოემბრის დასაწყისში, ჯღარკავამ განუცხადა გაიხარაშვილს, რომ საპროცესო შეთანხმების გასაფორმებლად მიღწეული იქნა შეთანხმება, მაგრამ საჭირო იყო პროკურატურის ანგარიშზე შესატანი 30 ათასი ლარის წინასწარ გადახდა.

განსასჯელის მეუღლემ ადვოკატთა ეს მოთხოვნაც შეასრულა, მაგრამ, როგორც მოსალოდნელი იყო, სერგო დოშოიანსა და პროკურატურას შორის არ გაფორმებულა არანაირი საპროცესო შეთანხმება; თბილისის საქალაქო სასამართლომ მას განუსაზღვრა 11 წლით თავისუფლების აღკვეთა, განაჩენი უცვლელად დატოვა თბილისის სააპელაციო სასამართლომაც, რის შემდეგაც ლია გაიხარაშვილმა მიმართა სამართალდამცველებს.

თბილისის პროკურატურის ანტიკორუფციული დეპარტამენტის მიერ ჩატარებული ღონისძიებების შედეგად გამოვლინდა ადვოკატების: სოსო ჯღარკავასა და ლევან მელქაძის მიერ დიდი ოდენობით თანხის მითვისების ფაქტი. ადვოკატებს ბრალი დაედოთ განსაკუთრებით დიდი ოდენობის ფულადი თანხების მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებაში, დანაშაული გათვლისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ა" და მე-3 ნაწილის "ბ" ქვეპუნქტებით.

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, ადვოკატებს: სოსო ჯღარკავასა და ლევან მელქაძეს 6-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.