რელიგია
კონფერენცია "საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის ავტოკეფალია"

andria_wmსაპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტში დღეს, 28 თებერვალს, გაიმართება კონფერენცია "საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის ავტოკეფალია".

კონფერენცია საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდული მოძრაობა "დავითიანნი"–ს ეგიდით იმართება. მათ ამის შესახებ თბილისის სკოლებისა და უმაღლესი სასწავლებლების მასშტაბით წინასწარ გამოაცხადეს და შესაბამისი მისწრაფებების ახალგაზრდობა მოიწვიეს.

საკონკურსო ნამუშევრები კომპეტენტურმა ჟიურიმ შეაფასა, რომლის შემადგენლობაში არიან: მეუფე ანანია, მეუფე სტეფანე და საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის ქართული უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი სერგო ვარდოსანიძე. ნამუშევრების შეფასებისას ყურადღება გამახვილდა საკითხის ღრმა ცოდნასა და არგუმენტირების უნარზე.

გამოვლინდა რვა საუკეთესო ნამუშევარი. I ადგილი დაიკავა თსუ-ის IV კურსის სტუდენტმა მარიამ გოჩელიშვილმა, II ადგილი – თსუ-ის IV კურსის სტუდენტმა ნიკოლოზ ესიტაშვილმა, III ადგილი – № 100 სკოლის XII კლასის მოსწავლემ ხატია ღონღაძემ.

შემაჯამებელ შეხვედრაზე I, II, III ადგილებზე გასული თემების პრეზენტაცია-დაცვა (კითხვა-პასუხის რეჟიმში) გაიმართება. კონფერენციაში მონაწილეებსა და გამარჯვებულებს გადაეცემათ სიგელები და სხვადასხვა სამახსოვრო საჩუქრები.

კონფერენციაზე საქართველოს საპატრიარქოს ახალგაზრდული ცენტრის მგალობელთა გუნდი და ქართული ხალხური სიმღერების ვაჟთა ანსამბლი საგალობლებსა და სიმღერებს შეასრულებენ.