სამართალი
უნდა განვასხვავოთ, რა არის გუნდურობა და სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საკითხი - ეკა ბესელია

 საქართველო, 15 იანვარი, საქინფორმი. უნდა განვასხვავოთ ერთმანეთისგან, რა არის გუნდურობა და სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საკითხი, – ამის შესახებ დეპუტატმა ეკა ბესელიამ ბრიფინგზე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების საკითხთან დაკავშირებით განაცხადა.

როგორც ბესელიამ აღნიშნა, საქართველოს პარლამენტი არის ხალხის წარმომადგენლობითი ორგანო, სადაც მოქალაქემ უნდა იცოდეს, მისი წარმომადგენელი რა გადაწყვეტილებას იღებს მისი სახელით და რატომ.

ამიტომ ოთახში ვერ გამოიკეტება და ყურში ჩურჩულით ვერ გადაწყდება ისეთი საკითხები, რომლებიც ეხება თითოეულ მოქალაქეს. უნდა განვასხვავოთ ერთმანეთისგან, რა არის გუნდურობა და რა არის სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საკითხი. მოქალაქეს აინტერესებს, ვინ იქნება მისი და მისი მომავლის განმსჯელი მოსამართლე, იქნებიან ისინი მეთოფიშვილის მსგავსი მოსამართლეები, თუ მოსამართლეები, რომელთაც აქვთ მაღალი სანდოობა, შეუვალობა, პრინციპულობა, ავტორიტეტი და ისეთი წარსული, რომელიც არ არის დაკავშირებული სასტიკ ძალადობრივ რეჟიმთან და უსამართლობასთან.

განვასხვავოთ ერთმანეთისგან, რა არის საკითხები, რომელიც შეიძლება ერთმანეთს ვუთხრათ ხმადაბლა და რა არის საკითხები, რომელიც კარს მიღმა, ხალხთან ერთად უნდა წყდებოდეს. მთელი შვიდი წელიწადი, 2011 წლიდან თუ ავიღებთ, როგორღაც მოვახერხე, ჩემი საჯარო გადაწყვეტილებების მიღების პროცესში მეჩვენებინა, რომ მე არ ვარ ადამიანი, ვინც საუბრობს გარეთ შიდა თემებზე, ვინც ჭორაობს, მაგრამ არც ის ადამიანი არ ვარ, რომელიც როცა საკუთარ ხალხს ესაუბრება, ატყუებს. მე არ შემეძლო ტყუილის თქმა, მე ვთქვი ის, რის გამოც მივიღე გადაწყვეტილება. მიუხედავად იმისა, რომ შესაძლოა, ზოგიერთ ჩემს კოლეგას თუ თანაგუნდელს არ მოეწონა“, – განაცხადა ეკა ბესელიამ.

ამასთან, როგორც ბესელიამ აღნიშნა, პირველი ეტაპის ამოცანა, იუსტიციის საბჭოს მიერ წარმოდგენილი სია არ ყოფილიყო განხილული იურიდიულ კომიტეტზე წლის ბოლო კვირას, არ მომხდარიყო მისი წარდგენა სესიაზე და მიღებულიყო გადაწყვეტილება, რომ კანონში მომზადდეს ცვლილებები, მიღწეულია.

მისივე თქმით, ორივე მიზანი პირველ ეტაპზე მიღწეულია იმით, რომ მან დატოვა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობა.

ვფიქრობ, ამად ღირდა ყველაფერი. ეს იყო ჩემი, ჩემი მეგობრების და ყველა იმ ადამიანის მიზანი, ვისთვისაც ღირებულია სასამართლოს დამოუკიდებლობა, ღირებულია სამართლიანი სასამართლოს განხორციელება ქვეყანაში. ეს არის ყველა იმ ამომრჩევლის მაღალი ინტერესი, რომელმაც თავად უნდა განიცადოს და მიიღოს სამართლიანი მართლმსაჯულება. ეს პროცესი, რაც ახლა გაცხადდა, მიმაჩნია, რომ არის ჯანსაღი, კარგი. მივესალმები, რომ ეს საერთო ხედვის ნაწილი გახდა. ვინ ეთანხმებოდა ამას, ვინ არა, ვინ ვის დააბრალებს, ვინ ვის რას ეტყვის, ეს მეორეხარისხოვანია“, – განაცხადა ეკა ბესელიამ.

მისივე თქმით, ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ შედეგი დამდგარიყო და ნაკლებად მნიშვნელოვანია, ვინ დაიბრალებს ამ შედეგს.

ახლა მნიშვნელოვანია მეორე ეტაპი. მნიშვნელოვანია, შემუშავდეს ისეთი ცვლილებები, რომელიც გარანტიას შექმნის, რომ უზენაეს სასამართლოში ვერ განწესდებიან უვადოდ მოსამართლეები, რომლებიც ემსახურებოდნენ და ქმნიდნენ სააკაშვილის ძალადობრივ რეჟიმს. ეს არის ძალიან პრინციპული საკითხი, რომლისთვისაც შემდგომ ეტაპზე ვაპირებ, ვიყო ძალიან აქტიური, ისევე როგორ დარწმუნებული ვარ, ყველა ჩემი კოლეგა, რომელიც ამ მიზნისთვის აკეთებს ყველაფერს”, – განაცხადა ეკა ბესელიამ.