აქტუალური
პრეზიდენტის ადმინისტრაციის სტრუქტურის ფორმირება უკვე დასრულდა და მალე გასაჯაროვდება

 საქართველო, 16 იანვარი, საქინფორმი. საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის სტრუქტურის ფორმირება უკვე დასრულდა და მალე გასაჯაროვდება, – ამის შესახებ პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა ლაშა ჟვანიამ განაცხადა.

როგორც ცნობილია, 2019 წლის ბიუჯეტის კანონის თანახმად, პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მომუშავეთა რიცხვი 140-დან 60-მდე შემცირდა, რის გამოც რეორგანიზაცია მიმდინარეობს.​ ჟვანიას თქმით, პროცესის პირველი ფაზა დასრულდა, რაც სტრუქტურის ჩამოყალიბებას ითვალისწინებდა.

დღეს უკვე სავალდებულოა, რომ სტრუქტურა დაიდოს, რაც განსაზღვრავს უკვე საკადრო პოლიტიკას. ამის შემდეგ იწყება ერთთვიანი ვადა, რომელსაც კანონი განსაზღვრავს, თავად სტრუქტურის შიგნით დეპარტამენტების ფორმირების, თითოეული თანამშრომლის უფლება-მოვალეობების გაწერის. ერთი თვის თავზე, თუკი პრეზიდენტის ადმინისტრაციის შიგნით გვექნება რაიმე ვაკანსია, უკვე არსებულ შტატში კონკრეტული დასაქმებულისთვის, მას შევთავაზებთ ვაკანსიას. ზოგი შეიძლება დაწინაურდეს, ზოგი შეიძლება გადავიდეს სხვა დეპარტამენტში. თუ მათთვის არ იქნება ვაკანსია, შემდგომში კანონი გვავალდებულებს, რომ მივმართოთ საჯარო სამსახურის ბიუროს და მათ სახელმწიფო სამსახურში რომელიმე ადეკვატური თანამდებობა შევთავაზოთ“, – განაცხადა ლაშა ჟვანიამ.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის განმარტებით, ახალ ვაკანსიებს თანამშრომლებს უკვე რეორგანიზაციის შემდეგ ეტაპზე, 15 თებერვლიდან 15 მარტამდე შესთავაზებენ. იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე თანამშრომლისთვის სხვა საჯარო სამსახურში შესაბამისი ვაკანსია არ მოიძებნება, ისინი გადავლენ რეზერვში, ან გათავისუფლების სანაცვლოდ კანონით დადგენილ კომპენსაციას – 3 თვის ხელფასს მიიღებენ.