აქტუალური
ვინ არის ალექსანდრე ხოჯევანიშვილი, რომელიც სუს-ის უფროსის პირველ მოადგილედ ინიშნება?

 საქართველო, 16 იანვარი, საქინფორმი. სახელმწიფოს უსაფრთხოების სამსახურის უფროსის პირველ მოადგილედ, შესაძლოა, ალექსანდრე ხოჯევანიშვილი დაინიშნოს, რომელიც 2017 წლიდან შს სამინისტროს გენერალური ინსპექციის უფროსის თანამდებობაზე მუშაობდა.

ხოჯევანიშვილი იმ თანამდებობას დაიკავებს, რომელიც იოსებ გოგაშვილის გადადგომის შემდეგ, რამდენიმე თვის განმავლობაში ვაკანტური იყო.

ვინ არის ალექსანდრე ხოჯევანიშვილი? - როგორც მისი ბიოგრაფიით ირკვევა, მან განათლება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მიიღო, საერთაშორისო სამართლის და ურთიერთობების მიმართულებით. 2001 წელს კარიერა საგარეო საქმეთა სამინისტროში სტაჟიორობით დაიწყო. 2004-2005 წლებში მუშაობდა უშიშროების მინისტრის მოადგილის თანაშემწედ. 2005-2006 წლებში იყო კონტრდაზვერვის დეპარტამენტში საშუალო რგოლის მენეჯერის პოზიციაზე. 2006 წლიდან საქმიანობა გააგრძელა თავდაცვის სამინისტროს გენერალურ ინსპექციაში, 2009-2010 წელს კი ეკონომიკის სამინისტროს გენერალურ ინსპექციაში ხელმძღვანელ პოზიციებზე. ხოჯევანიშვილმა 2010-2012 წლებში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ “საწარმოთა მართვის სააგენტოს” თავმჯდომარედ, ხოლო 2012-2014 წლებში სს სოფლის მეურნეობის კორპორაციის დირექტორად გააგრძელა საქმიანობა. 2014-2017 წლებში მან სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილედ იმსახურა, 2017 წლის ნოემბრიდან დღემდე კი - შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურ ინსპექციას ხელმძღვანელობდა.

რაც შეეხება იოსებ გოგაშვილს - იგი სუს-ის უფროსის პირველი მოადგილის თანამდებობიდან 2018 წლის 21 აგვისტოს გადადგა. გოგაშვილი ამ პოზიციაზე 2015 წლიდან მუშაობდა.