აქტუალური
მიროსლავ ლაიჩაკი საქართველოში მიმდინარე რეფორმებს მაღალ შეფასებას აძლევს

 საქართველო, 12 თებერვალი, საქინფორმი. ეუთო-ს მოქმედი თავმჯდომარე, სლოვაკეთის რესპუბლიკის საგარეო და ევროპულ საქმეთა მინისტრი დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარების, ეკონომიკისა და ბიზნესის წახალისების მიმართულებით საქართველოში მიმდინარე რეფორმებს მაღალ შეფასებას აძლევს და საქართველოს მთავრობას ამ კუთხით მხარდაჭერას უცხადებს, – ამის შესახებ მიროსლავ ლაიჩაკმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძესთან შეხვედრისას განაცხადა.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, საუბარი შეეხო სლოვაკეთის თავმჯდომარეობის პერიოდში ეუთო-ს დღის წესრიგით გათვალისწინებულ პრიორიტეტებს და სამომავლო გეგმებს. აღინიშნა, რომ სლოვაკეთის თავმჯდომარეობის პირობებში მთავარი ფოკუსი არის კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის ჰუმანიტარული მდგომარეობა და ის საკითხები, რა პრაქტიკული ნაბიჯები შეიძლება გადაიდგას კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის მდგომარეობის გასაუმჯობესებლად.

მთავრობის მეთაურმა ეუთო-ს მოქმედ თავმჯდომარეს მადლობა გადაუხადა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მტკიცე მხარდაჭერისა და საოკუპაციო ხაზზე სტუმრობისთვის, სადაც მინისტრი ლაიჩაკი არსებულ ვითარებას პირადად გაეცნო.

პრემიერმა ასევე ილაპარაკა საქართველოს მთავრობის სამშვიდობო ინიციატივაზე – ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“, რომელიც კონფლიქტის შედეგად დაშორებულ ხალხს შორის ნდობის აღდგენას ისახავს მიზნად.

შეხვედრაზე ასევე განიხილეს საქართველოსა და სლოვაკეთს შორის ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის საკითხები და უსაფრთხოების, ეკონომიკური, ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიის მიმართულებით არსებული კავშირების განვითარების პერსპექტივები.