აქტუალური
საქართველოს პრეზიდენტი ეუთო-ს მოქმედ თავმჯდომარეს შეხვდა

 საქართველო, 12 თებერვალი, საქინფორმი. საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა საქართველოში სამუშაო ვიზიტად მყოფი ეუთო-ს მოქმედი თავმჯდომარე, სლოვაკეთის რესპუბლიკის საგარეო და ევროპულ საქმეთა მინისტრი მიროსლავ ლაიჩაკი მიიღო.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, შეხვედრაზე განიხილეს საქართველოსა და ეუთო-ს თანამშრომლობის საკითხები და საქართველო-სლოვაკეთის ურთიერთობის გაღრმავების მიმართულებები.

ხაზი გაესვა ეუთო-ს მხარდაჭერისა და საქართველოს ოკუპირებული რეგიონების არაღიარების პოლიტიკის მნიშვნელობას. შეხვედრისას განიხილეს ეუთო-ს მოქმედი თავმჯდომარის მუშაობის პრიორიტეტები, რუსეთის მიერ საქართველოს რეგიონების ოკუპაციის უმძიმესი შედეგები, კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის მდგომარეობა, ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტები, მძიმე ჰუმანიტარული ვითარება და რეგიონებში არსებული უსაფრთხოების გარემო.

სალომე ზურაბიშვილმა და მიროსლავ ლაიჩაკმა ისაუბრეს საქართველო-სლოვაკეთის ურთიერთობების კიდევ უფრო განვითარებასა და გაღრმავებაზე, მათ შორის, ორი ქვეყნის რეგიონებს შორის მჭიდრო ურთიერთთანამშრომლობის ჩამოყალიბების მნიშვნელობაზე.

შეხვედრას ესწრებოდნენ: საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი ლაშა ჟვანია, ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე ქეთევან მახარაშვილი, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალია, საქართველოს ელჩი ავსტრიაში და ეუთო-ში საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი დავით დონდუა.