აქტუალური
საპატრიარქო ითხოვს, ჩანასახს სამართლებრივი სტატუსი განესაზღვროს

 საქართველო, 25 თებერვალი, საქინფორმი. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქო ითხოვს, კანონში შევიდეს ცვლილება და მუცლად მყოფ ჩანასახს სამოქალაქო სამართლებრივი სტატუსი განესაზღვროს. შეხვედრას, სადაც საერო და სასულიერო პირები ამ საკითხზე მსჯელობდნენ, პარლამენტის წევრები – სოფო კილაძე და მარიამ ჯაშიც ესწრებოდნენ.

წმინდა დავით გარეჯელის მონასტრის მღვდელმსახურის მამა გიორგის (ფირცხელანი) განცხადებით, აბორტი ბოროტების ერთ-ერთი გამოვლინებაა. მისივე თქმით, საჭიროა, ჩანასახის უფლებები დაცული იყოს.

ჩვენი შეხვედრის მიზანი არის ის, რომ ბავშვის სტატუსი განისაზღვროს, რომ ის წარმოჩნდეს და მისი სტატუსი განისაზღვროს, როგორც ჩანასახში არსებული პიროვნების. ასე არის ქრისტიანულადაც, ასე არის საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაციების მიერ კონსტატირებული და ჩვენც არ უნდა ჩამოვრჩეთ. თანამედროვე მსოფლიო ამ მიმართულებით მიდის“, – განაცხადა მამა გიორგიმ „რუსთავი 2“-თან ინტერვიუში.

საპატრიარქოს პრესცენტრის ხელმძღვანელის მამა ანდრიას (ჯაღმაიძე) თქმით, მუცლად მყოფი ჩანასახი ზუსტად ისეთივე უფლებებით უნდა სარგებლობდეს, როგორითაც ჩვეულებრივი მოქალაქე.

მნიშვნელოვანია ჩანასახის სტატუსის განსაზღვრა. ჩვენი კანონმდებლობა აღიარებს მემკვიდრეობის უფლებას. ამიტომ შეიძლება ამ თემის უფრო მეტად განვრცობა საკანონმდებლო სფეროში, რომ სრული უფლებები, რით ვსარგებლობთ ჩვენ, გვქონდეს ჩანასახზეც.

თუ კარგად გავაანალიზებთ, დავდგებით სურათის წინაშე - ყველაზე უფრო უსუსური და დაუცველი ადამიანი არის უდიდესი ძალადობის ქვეშ, პირდაპირ სიკვდილის განაჩენის ქვეშ“, – აღნიშნა მამა ანდრიამ.

მოქმედი კანონმდებლობის, კერძოდ, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-11 მუხლის თანახმად, ფიზიკური პირის უფლებაუნარიანობა – უნარი, ჰქონდეს სამოქალაქო უფლებები და მოვალეობები, წარმოიშობა დაბადების მომენტიდან. მემკვიდრედ ყოფნის უფლება წარმოიშობა ჩასახვისთანავე. ამ უფლების განხორციელება დამოკიდებულია დაბადებაზე.