აქტუალური
საქართველოს და თურქმენეთის საგარეო უწყებათა დელეგაციებმა ბუქარესტში შეხვედრა გამართეს

 საქართველო, 5 მარტი, საქინფორმი. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი რუმინეთში ვიზიტის ფარგლებში თურქმენეთის ვიცეპრემიერს, საგარეო საქმეთა მინისტრ რაშიდ მერედოვს შეხვდა. შეხვედრა ბუქარესტში მიმდინარე საქართველო-აზერბაიჯანი-თურქმენეთი-რუმინეთის ოთხმხრივი მინისტერიალის ფარგლებში გაიმართა.

საგარეო უწყების განცხადებით, დავით ზალკალიანმა და რაშიდ მერედოვმა შეხვედრის ფარგლებში ხელი მოაწერეს ორი ქვეყნის საგარეო უწყებებს შორის 2019-2021 წლების თანამშრომლობის სამოქმედო გეგმას, რაც, მათი შეფასებით, დამატებით ბიძგს მისცემს ურთიერთობების გააქტიურებას.

შეხვედრაზე მინისტრებმა ხაზი გაუსვეს ორი ქვეყნის თანამშრომლობისა და ჩართულობის მნიშვნელობას საერთაშორისო სატრანზიტო და ენერგეტიკულ პროექტებში. საგარეო უწყების ცნობით, ამ მხრივ, მაღალი შეფასება მიეცა რუმინეთში მიმდინარე მინისტერიალს, რომლის ფარგლებში გაფორმდება ბუქარესტის დეკლარაცია, რაც ხელს შეუწყობს კასპიის ზღვისა და შავი ზღვის სატრანსპორტო მარშრუტის განვითარებას.

სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებზე საუბრისას მინისტრებმა გამოხატეს ინტერესი ორი ქვეყნის კერძო სექტორის და ბიზნესწრეების დაახლოებისადმი. როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, ორი ქვეყნის შესაბამისი უწყებები აქტიურად ჩაერთვებიან, ასევე, ტრანსპორტის სფეროს საკითხებზე თანამშრომლობის შესაბამისი ფორმატების ინიცირებაში.