აქტუალური
სენსაცია! ბურჯანაძის პარტია და სააკაშვილის პარტია ერთიანდებიან!

 საქართველო, 5 მარტი, საქინფორმი. ოპოზიციური პარტიების რაოდენობა, რომლებიც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო სისტემის შეცვლას ემხრობიან, 20-მდე გაიზარდა.

ოთხშაბათს გაიმართა ოპოზიციის საერთო კრება, რომელსაც ესწრებოდნენ როგორც ყოფილი მმართველი პარტია ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლები, ასევე საქართველოს პარლამენტის ექსსპიკერის ნინო ბურჯანაძის პარტია დემოკრატიული მოძრაობა“, რომლებიც აქამდე ერთმანეთის მოწინააღმდეგეები იყვნენ.

თებერვლის შუა რიცხვებში პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა დაარეგისტრირა 20-კაციანი საინიციატივო ჯგუფი, 13 ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები (საპარლამენტო და არასაპარლამენტო), რათა მათ ხელმოწერების შეგროვება ოფიციალურად დაეწყოთ.

თუ საინიციატივო ჯგუფი პარლამენტში 200 ათასი მოქალაქის ხელმოწერის წარმოდგენას შეძლებს (საარჩევნო სისტემის ცვლილების მხარდასაჭერად), მოხდება საკანონმდებლო ცვლილებების ინიცირება. ახლა ამ ხელმოწერებს 13-ის ნაცვლად უკვე 20 პარტიის წარმომადგენლები შეაგროვებენ.

ოპოზიციის მოთხოვნები

ოპოზიცია წინააღმდეგია, რომ 2020 წლის მოწვევის პარლამენტში კვლავ მაჟორიტარი დეპუტატები იყვნენ, რომლებიც ცალკე აღებულ საარჩევნო ოლქს წარმოადგენენ. ისინი მოითხოვენ, არჩევნები ჩატარდეს მხოლოდ და მხოლოდ პროპორციული სისტემით, ანუ პარტიული სიებით. ამჟამინდელი კონსტიტუციის მიხედვით, პარლამენტის 77 დეპუტატი აირჩევა პარტიული სიებით, ხოლო 73 - ერთმანდატიან ოლქებში.

შერეული საპარლამენტო სისტემის გაუქმება გათვალისწინებულია კონსტიტუციით, მაგრამ მხოლოდ 2024 წლიდან.

პროცესის გაჭიანურების ერთ-ერთი მიზეზია ქართული ოცნების მაჟორიტარ დეპუტატთა პროტესტი. შედეგად პროპორციული არჩევნების მომხრეებმა მმართველი პარტიიდან გადაწყვიტეს, მიეღოთ მათი თვალსაზრისით კომპრომისული ვარიანტი: 2020 წლის არჩევნები ჩატარდეს კვლავ შერეული სისტემით, მაგრამ გამსვლელი ბარიერი პარტიებისთვის 5%-დან 3%-მდე შემცირდეს.

საპარლამენტო არჩევნების პროპორციულ სისტემაზე გადასვლა ვენეციის კომისიის ერთ-ერთ რეკომენდაციას წარმოადგენს.

გაერთიანება ცვლილებების მიზნით

2019 წლისთვის საქართველოს ოპოზიციურმა პარტიებმა, რომლებიც ადრე ერთმანეთთან კონფლიქტში იმყოფებოდნენ, გაერთიანება გადაწყვიტეს, რათა ერთხელ და სამუდამოდ გაუქმდეს მაჟორიტარული არჩევნები.

იმ 35 დეპუტატიდან, რომლებსაც სიცოცხლეში არ ჩაურთავს მიკროფონი და თავის ბიზნესინტერესების ლობირების გარდა არაფრით არის დაკავებული, 99% არის მაჟორიტარი, რომლებიც ხელისუფლებამ ადგილზე ტომის ბელადად დასვა. ყველა ხედავს, რომ 28 წელია, დავდივართ ერთ მოჯადოებულ წრეზე“, - განაცხადა ყოფილი მმართველი პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, პრეზიდენტობის ექსკანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ.

ნინო ბურჯანაძემ მხარი დაუჭირა თავის ადრინდელ მოწინააღმდეგეებს, კერძოდ კი, საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მიერ დაარსებულ პარტიას.

მნიშვნელოვნად მიმაჩნია ის, რომ ყველა პოლიტიკური პარტია შეთანხმდა იმასთან დაკავშირებით, რომ აუცილებელია ერთობლივი მოქმედებები, რათა შეიცვალოს საარჩევნო გარემო და საქართველოს მოსახლეობას ერთხელ და სამუდამოდ მიეცეს შესაძლებლობა, რომ პარლამენტში დაინახოს ის პოლიტიკური ძალები, რომელსაც სინამდვილეში მხარს უჭერს. ფორმატი, რომელიც აქ არის - ყველა მინუსქართული ოცნებადა ეს ფორმატი ნიშნავს იმას, რომ სრულიად პოლიტიკური სპექტრი, მიუხედავად შეხედულებისა და განსხვავებული დამოკიდებულებისა ერთმანეთის მიმართ, ამბობს, რომ ერთიანი ბრძოლა ნორმალური, თავისუფალი და დემოკრატიული საარჩევნო სისტემისთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი“, - განაცხადა ბურჯანაძემ.

თავის ოპოზიციონერ კოლეგებს მხარი დაუჭირა ასევე შენების მოძრაობის ლიდერმა, პარლამენტის ექსსპიკერმა და ოდესღაც კოალიცია „ქართული ოცნების“ წევრმა დავით უსუფაშვილმა.

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველოში პროპორციულ წარმომადგენლობას მივაღწიოთ. საქართველო არის ჭრელი, ჩვენ ვართ განსხვავებულნი და უნდა ვისწავლოთ ერთ ქვეყანაში ცხოვრება, ერთ ჭერქვეშ მუშაობა, მაგრამ სამართლიანი წარმომადგენლობის პრინციპით. დარწმუნებული ვარ, რომ მილიონი ქართველიც დაუჭერს მხარს (საარჩევნო სისტემის შეცვლას - რედ.) და კიდევ უფრო მეტიც“, - განაცხადა უსუფაშვილმა.

შეიცვლება თუ არა კონსტიტუცია

საქართველოს პარლამენტში უკვე ერთი კვირაა, რაც არ არსებობს ძალა, რომელსაც საკონსტიტუციო ცვლილებების ერთპიროვნულად მიღება შეუძლია. მმართველმა პარტიამ ეს პრეროგატივა მას შემდეგ დაკარგა, რაც მისი რიგები რამდენიმე დეპუტატმა დატოვა.

ქვეყნის მთავარი კანონის შესაცვლელად საჭიროა მინიმუმ 113 დეპუტატის თანხმობა, დღეს კი „ქართულ ოცნებას“ უკვე 110 დეპუტატი ჰყავს.

ოპოზიციურ პარტიებს პარლამენტში 26 მანდატი აქვთ, კიდევ 13 დეპუტატი არის დამოუკიდებელი, ხოლო ერთი ადგილი ვაკანტურია.

წყარო: "სპუტნიკი - საქართველო"