აქტუალური
ფულადი გზავნილები რუსეთიდან კვლავ იკლებს, ევროკავშირიდან კი იზრდება

 საქართველო, 18 მარტი, საქინფორმი. ფულადი გზავნილები რუსეთიდან კვლავ იკლებს, ევროკავშირის ქვეყნებიდან კი იზრდება. სტატისტიკურ მონაცემებს საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს.

2019 წლის თებერვალში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 125,5 მილიონი დოლარი (332,9 მილიონი ლარი) შეადგინა, რაც 10,2 პროცენტით (11,6 მილიონი დოლარით) მეტია 2018 წლის თებერვლის ანალოგიურ მაჩვენებელზე.

აქედან რუსეთიდან გზავნილების მოცულობა 31,6 მილიონ დოლარზე დაფიქსირდა – 2018 წლის თებერვალში 33,3 მილიონი დოლარი იყო.

ევროკავშირის ქვეყნებიდან გზავნილებმა კი თებერვალში 41,9 მილიონი დოლარი შეადგინა, საიდანაც 17,44 მილიონი დოლარი - იტალიაზე, 14,16 მილიონი დოლარი კი საბერძნეთზე მოდის. ფულადი გზავნილები გაზრდილია ამ ორივე ქვეყნიდან, ასევე ისრაელიდან, აშშ-დან, გერმანიიდან, ესპანეთიდან, პოლონეთიდან და საფრანგეთიდან.

2019 წლის თებერვალში საქართველოდან საზღვარგარეთ 17,7 მილიონი დოლარი (47,1 მილიონი ლარი) გადაიგზავნა, ნაცვლად 18,0 მილიონი დოლარისა (44,3 მილიონი ლარი) 2018 წლის თებერვალში.