უცხოეთი
რობერტ მიულერის გამოძიების საკვანძო დეტალები შესაძლოა, უახლოეს დღეებში გასაჯაროვდეს

 საქართველო, 25 მარტი, საქინფორმი. აშშ-ის კანონმდებლებმა სპეციალური პროკურორის, რობერტ მიულერის გამოძიების საკვანძო დეტალები შესაძლოა, უახლოეს დღეებში გაასაჯაროონ. ამის შესახებ „როიტერი“ იუწყება.

სააგენტოს ცნობით, ამერიკის შეერთებული შტატების გენერალურმა პროკურორმა, უილიამ ბარმა 2016 წლის არჩევნებში რუსეთის შესაძლო ჩარევის საქმის საკვანძო დეტალები კონგრესს შესაძლოა, დღესვე გადასცეს. იუსტიციის დეპარტამენტის რეგულაციებით გადაწყდება, კონკრეტულად რა დეტალები უნდა გასაჯაროვდეს.

სპეციალურმა პროკურორმა, რობერტ მიულერმა აშშ-ის 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთის შესაძლო ჩარევის საქმის გამოძიება დაასრულა და ანგარიში ქვეყნის გენერალურ პროკურორს, უილიამ ბარს გადასცა.

გამოძიების მიზანი, რომელსაც რობერტ მიულერი 22 თვის განმავლობაში აწარმოებდა, დონალდ ტრამპის წინასაარჩევნო კამპანიისა და რუსეთის შესაძლო კავშირების დადგენა იყო. საქმის ფარგლებში, რობერტ მიულერმა ბრალი 30 ადამიანს წაუყენა. მათ შორის არის დონალდ ტრამპის წინასაარჩევნო კამპანიის რამდენიმე საკვანძო ფიგურა: პოლ მანაფორტი, ჯორჯ პაპადოპოლუსი, როჯერ სტოუნი, ასევე მაიკლ ფლინი და მაიკლ კოენი.

1tv.ge