აქტუალური
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში მერის რიგგარეშე არჩევნებში კენჭს სანდრა რულოვსი იყრის

 საქართველო, 25 მარტი, საქინფორმი. პოლიტიკური გაერთიანება ძალა ერთობაშია-ს ერთ-ერთი ლიდერი გრიგოლ ვაშაძე აცხადებს, რომ მათი და ყოფილი პირველი ლედის სანდრა რულოვსის სურვილები ერთმანეთს დაემთხვა.

ორი დღეა, გაერთიანებული ოპოზიცია კონსულტაციებს ატარებს იმაზე, რა ფორმით და როგორ ვღებულობთ მონაწილეობას შუალედურ არჩევნებში, რომელიც ყველა მოქალაქისთვის არის მომავალი საპარლამენტო არჩევნების გენერალური რეპეტიცია. ერთი გადაწყვეტილება საკმაოდ სწრაფად მივიღეთ. ეს გადაწყვეტილებაა იმის შესახებ, რომ ზუგდიდში გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატი სანდრა ელისაბედ რულოვსი იქნება.

გაერთიანებული ოპოზიციისა და სანდრა რულოვსის სურვილები ერთმანეთს დაემთხვა, რადგან თავიდანვე უნდოდა, გაერთიანებული ოპოზიციის მანდატით ყოფილიყო წარდგენილი ზუგდიდში, როგორც კანდიდატი.

რაც შეეხება დანარჩენ შუალედურ არჩევნებს, მონაწილეობის მიღებას ყველგან ვაპირებთ ამა თუ იმ ფორმით, მაგრამ რა ფორმით და როგორ, ამაზე მსჯელობა გრძელდება. დიდი ალბათობით, ყრილობის შემდეგ დანარჩენ შუალედურ არჩევნებზეც მოგახსენებთ ჩვენ აზრსა და გეგმებს“, – განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

ამასთან, მისივე თქმით, სანდრა რულოვსმა ზუგდიდში არჩევნები მოიგო, ხოლო არჩევნები ისე იყო გაყალბებული, რომ მან პარლამენტში სიით შესვლაზე უარი განაცხადა.

მით უმეტეს, რომ პარლამენტის მაშინდელი კონფიგურაცია და ის შედეგები, რომელიც .. ხელისუფლებამ დახატა, საერთოდ არ ემთხვეოდა ამომრჩევლის განწყობასა და გადაწყვეტილებას. ასე რომ, ზუგდიდი ჩვენი ძალისხმევის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება იქნება და ძალიან კმაყოფილები ვართ, რომ ღირსეული კანდიდატი გვეყოლება. კანდიდატი, რომელიც ზუგდიდსაც და სამეგრელოსაც უყვარს“, – განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

ბრიფინგზე ცნობილი გახდა, რომ პოლიტიკური გაერთიანება „ძალა ერთობაშია“ ზუგდიდის მუნიციპალიტეტში მერის რიგგარეშე არჩევნებში კანდიდატად საქართველოს ყოფილ პირველ ლედის სანდრა რულოვსს წარადგენს. 2016 წელს სანდრა რულოვსი საპარლამენტო არჩევნებში ზუგდიდის მაჟორიტარ დეპუტატად იყრიდა კენჭს. მან არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობაზე უარი განაცხადა.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის თანამდებობა ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც შარშან სექტემბერში ლაშა გოგიამ თანამდებობა დატოვა. ზუგდიდის მუნიციპალიტეტში მერის რიგგარეშე არჩევნები მაისში ჩატარდება.