სამართალი
სტრასბურგის სასამართლომ 2006 წელს რუსეთიდან დეპორტირებული საქართველოს მოქალაქეების ინდივიდუალური სარჩელი დააკმაყოფილა

 საქართველო, 27 მარტი, საქინფორმი. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ 2006 წელს რუსეთიდან დეპორტირებული საქართველოს მოქალაქეების ინდივიდუალური სარჩელი დააკმაყოფილა.

სასამართლოს გადაწყვეტილებით, საქართველოს იმ მოქალაქეებს, რომლებიც 2006 წლის ოქტომბერში ადმინისტრაციული წესით დააკავეს და გააძევეს, რუსეთმა კომპენსაციის სახით 2 000-დან 15 000-მდე ევრო უნდა გადაუხადოს. გადაწყვეტილება მოსამართლეებმა ერთხმად მიიღეს.

ლაპარაკია ინდივიდუალურ მომჩივნებზე, რომლებიც დეპორტაციის დროს ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტზე დავობდნენ.

სასამართლომ დაადგინა, რომ რუსეთმა 19 მომჩივანიდან თითქმის ყველას მიმართ ევროპული კონვენციის სხვადასხვა მუხლები დაარღვია“, – ნათქვამია სასამართლოს გადაწყვეტილებაში.

სასამართლო განმარტავს, რომ კომპენსაციის გადახდის შესახებ გადაწყვეტილება გადადო და დაელოდა დიდ პალატაში ამავე საკითხზე შესულ სხვა საქმეზე ვერდიქტის გამოტანას.

დიდმა პალატამ კომპენსაციების შესახებ გადაწყვეტილება გამოიტანა 2019 წლის იანვარში და დაადგინა, რომ 10 მილიონი ევრო უნდა გადანაწილდეს მომჩვან პირებს შორის, სასამართლოს მიერ განასაზღვრული წესით. ანალოგიური წესი მოქმედებს ამ საქმეზეც“, – ნათქვამია ადამიანის ევროპული სასამართლოს მიერ გავრცელებულ პრესრელიზში.

პრესრელიზში აღნიშნულია, რომ რუსეთმა კომპენსაცია უნდა გადაუხადოს საქართველოს მოქალაქეებს: ეკა ჩხაიძე, დავით ჯაოშვილი, ვაჟა ბერძენიშვილი, აბრამ გივიშვილი, ტატო ნორაკიძე, თენგიზ კბილაშვილი, ირინა ჩოხელი, დავით ლაცაბიძე, ირინა კალანდია, კახა ციხისთავი, ხათუნა ძაძამია, ინგა გიგაშვილი, ლია ძაძამია, ლიანა ნაჭყებია, ლევან კობაიძე და კობა კობაიძე.

სასამართლომ დაადგინა, რომ მომჩივნების უმეტესობა პოლიციამ ან საიმიგრაციო სამსახურის ოფიცერმა დააკავა და დააჯარიმა. ზოგიერთი მათგანი რუსეთიდან დეპორტირებული იყო, ხოლო ზოგმა თავად დატოვა რუსეთის ტერიტორია. სასამართლომ დაადგინა, რომ სამმა მომჩივანმა ვერ დაასაბუთა ბრლადება, კიდევ ერთმა კი საჩივარი უკან გაიტანა“, – ნათქვამია ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს მიერ გავრცელებულ პრესრელიზში.

სასამართლოს გადაწყვეტილებით, საქართველოს იმ მოქალაქეებმა, რომლებიც, სულ მცირე, 48 საათით დააკავეს, კომპენსაციის სახით 10 000 ევრო უნდა მიიღონ. 12 500 ევრო უნდა მიიღოს იმ მომჩივანმა, რომელმაც 2-და 10 დღემდე გაატარა პატიმრობაში, ხოლო მათ, ვინც 10 დღეზე მეტი ხნით დააკავეს, რუსეთმა 15 000 ევრო უნდა გადაუხადოს.

ამასთან, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიმდინარე წლის 31 იანვრის გადაწყვეტილებით, რუსეთმა საქართველოს 1 500 მოქალაქეს არამატერიალური ზიანის მიყენებისთვის კომპენსაციის სახით 10 მილიონი ევრო უნდა გადაუხადოს. ლაპარაკია ასევე 2006 წლის შემოდგომაზე რუსეთიდან გამოძევებულ საქართველოს მოქალაქეებზე.