რედაქტორისგან
არნო ხიდირბეგიშვილი: საქართველოში მომავალი მხოლოდ იმ პარტიას აქვს, რომელიც რუსეთთან ურთიერთობას დაარეგულირებს

 გადატვირთვა საქართველოსთან - გადამეტტვირთვა რუსეთთან

     ამერიკულმა ტელეახმა FOX NEWS-მა გამოაქვეყნა ჰილარი კლინტონის 756-გვერდიანი მიმოწერის ნაწილი, რომელშიც ერთი ფრაგმენტი საქართველოს ეხება, კერძოდ, ბიძინა ივანიშვილს, რომელთანაც მოლაპარაკება მიმდინარეობდა კლინტონთან მისი შეხვედრის თაობაზე. როგორც აღმოჩნდა, მაშინ არჩევანი მილიარდერ ივანიშვილზე გაკეთდა, რომელიც სახელმწიფო დეპარტამენტს დაჰპირდა, რომ რუსეთთან ურთიერთობას მოაწესრიგებდა და სთხოვა, აღარ დაეჭირათ მხარი სააკაშვილისთვის. გამოდის, რომ სწორედ ამიტომ მისი პარტია „ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანია 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ არ შეიცავდა რუსეთის და მისი პრეზიდენტის კრიტიკის ელემენტებს. რამდენად შეესაბამება ეს ვერსია სინამდვილეს?

     დანამდვილებით ცნობილი არ არის, შედგა თუ არა ჰილარი კლინტონის არაოფიციალური შეხვედრა ბიძინა ივანიშვილთან, ალბათ, უფრო - არა. სამაგიეროდ, განხორციელდა ვაშინგტონის ჩანაფიქრი - შეეცვალათ მიხეილ სააკაშვილი, რომელიც რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობის „გადატვირთვის“ ახალ ამერიკულ პოლიტიკას ხელს უშლიდა და შეეძლო აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთთან მორიგი კონფლიქტების პროვოცირება, რათა კვლავ ჩაეთრია აშშ რუსეთის წინააღმდეგ ომში („ამერიკისთვის ახალი კუბა მოეწყო“). სწორედ ამიტომ შეცვალეს ის ბიძინა ივანიშვილით და ამგვარად „გადატვირთეს“ ურთიერთობა საქართველოსთან.

ფაქტია, რომ „ქართული ოცნების“ მმართველობის პირველ წელს, როცა საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი იყო, ანტირუსული რიტორიკა საერთოდ არ არსებობდა, სამაგიეროდ, 2016 წლის არჩევნების შემდეგ სახელისუფლებო პარტიამ ამ თვალსაზრისით სააკაშვილის ექსმმართველ პარტიას „ნაციონალურ მოძრაობასაც“ კი გადაასწრო!

რაც შეეხება „გადატვირთვას“ აშშ-სა და რფ-ს შორის, რომელსაც ხელს უშლიდა სააკაშვილი, მინდა შეგახსენოთ, რომ ღილაკზე, რომელიც კლინტონმა ლავროვთან შეხვედრაზე მიიტანა, „გადატვირთვის“ ნაცვლად ეწერა „გადამეტტვირთვა“. რუსეთ-ამერიკის დღევანდელი ურთიერთობის შემხედვარე, შეიძლება ითქვას, რომ ეს ტექნიკური შეცდომა წინასწარმეტყველური აღმოჩნდა...

საქართველოს პოლიტიკური ხელმძღვანელობისთვის უკუნაჩვენებია აშშ-ის პრეზიდენტის ხსენება, მათი მაქსიმუმი ნატოს გენერალური მდივანი და „ახალი“ ევროპის ქვეყნების პრეზიდენტებია

     ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა 24-25 მარტს საქართველოში ვიზიტის დროს ხელისუფლება გააფრთხილა, რომ საქართველოს ნატოში გაწევრიანება იმაზეა დამოკიდებული, რამდენად დემოკრატიულად ჩაატარებენ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებს და უზრუნველყოფენ ქვეყანაში ხელისუფლების მშვიდობიანად შეცვლას. ნიშნავს თუ არა ეს, რომ ნატო დღევანდელ სახელისუფლებო პარტიას „კარზე მიუთითებს“?

    
პირველ რიგში, ეს ნიშნავს, რომ სტოლტენბერგი ეთანხმება აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ცოტა ხნის წინ გამოქვეყნებულ 2018 წლის ანგარიშს და იმავე წელს საქართველოში ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნები დემოკრატიულად არ მიაჩნია, რაშიც მან ბიძინა ივანიშვილის მმართველი პარტია „ქართული ოცნებას“ ადანაშაულებს, რომელმაც ძალაუფლების „უზურპაცია“ მოახდინა. ნატოს გენერალური მდივანი ასეთ განცხადებებს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტთან შეუთანხმებლად არ გააკეთებდა, ის ხომ ბრიუსელის „კომკავშირის ქალაქკომის“ მდივნია და უსიტყვოდ ასრულებს ვაშინგტონის „პარტიის საოლქო კომიტეტის“ დირექტივებს!

ყურადღება მიაქციეთ - 2012 წლიდან მოყოლებული, საქართველოს უმაღლესი ხელმძღვანელობის ყველა წარმომადგენელი - პრეზიდენტი იქნება, პრემიერი, პარლამენტის თავმჯდომარე თუ მინისტრები - საჯარო გამოსვლებისას და ინტერვიუებში აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ხსენებას ერიდებიან. ეს მათთვის რეკომენდებული არ არის, ვინაიდან საქართველოს დღევანდელი ხელისუფლების „პიონერული რაზმეულის“ დონე „კომკავშირის ქალაქკომის“ (გენ)მდივანი სტოლტენბერგი და მხოლოდ „ახალი“ ევროპის ქვეყნების პრეზიდენტებია, და არავითარ შემთხვევაში ამაზე მეტი! ეს განსაკუთრებით საწყენია სტალინის სამშობლოსთვის, რომელსაც რუზველტი და ჩერჩილი თვალებში უყურებდნენ, აგრეთვე აშშ-ის და გერმანიის ლიდერებთან შევარდნაძის პირადი მეგობრობის შემდეგ, და სააკაშვილის შემდეგაც კი, რომელიც ოჯახით მეგობრობდა უმცროს ბუშთან და მის მეუღლესთან.

ახლა კი, სპეცპროკურორ რობერტ მიულერის დასკვნის შემდეგ, საქართველოს ხელისუფლება საერთოდ უხერხულ მდგომარეობაში ჩავარდა - ბოლო ორი წლის განმავლობაში ის ხომ ოპოზიციასთან უნისონში ადანაშაულებდა რუსეთს სხვა სახელმწიფოების საშინაო საქმეებში, კერძოდ, აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში „ვერაგულ ჩარევაში“. ეს იმას ნიშნავდა, რომ ტრამპი პუტინის მხარდაჭერის წყალობით გახდა პრეზიდენტი! ამიტომ წინის წინა კვირას, როცა ეს ვერსია ოფიციალურად და საბოლოოდ არ დადასტურდა, 2009 წლის სიტუაცია გამეორდა, როდესაც სააკაშვილის ხელისუფლებამ ფსონი მაკკეინზე დადო, პრეზიდენტი კი ობამა გახდა...

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ივანიშვილს რეკომენდაციას აძლევს, პრემიერად გიგი წერეთელი დანიშნოს იმიტომ, რომ მას კარგი ურთიერთობა აქვს ლავროვთან, და კიდევ იმიტომ, რომ ის ნევროპათოლოგია

     საქართველოში გავრცელდა ინფორმაცია, რომ მარტის პირველ დეკადაში არიზონას მაკკეინის ინსტიტუტის დირექტორმა, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის საგანგებო წარმომადგენელმა უკრაინის საკითხებში კურტ ვოლკერმა ულტიმატური პირობები წაუყენა საქართველოს მმართველი პარტიის თავმჯდომარეს ბიძინა ივანიშვილს: ან მის მიერ დაფუძნებული პარტია „ქართული ოცნება“ 2020 წელს საპარლამენტო არჩევნების შედეგად ხელისუფლებას დაუთმობს პარტია „ევროპულ საქართველოს“ და სამაგიეროდ ივანიშვილი უსაფრთხოების გარანტიებს მიიღებს; ან მას იანუკოვიჩის ბედი მოელის - რისკავს, აშშ-ში განთავსებული მთელი ფული დაკარგოს და საქართველოს დატოვება მოუხდეს „ვარდების რევოლუცია 2“-ის შედეგად, რომელსაც დაბრუნებული სააკაშვილი გააჩაღებს.
სახელმწიფო დეპარტამენტის ჩანაფიქრით, მთავრობა კოალიციური უნდა გახდეს, „ევროპული საქართველოს“ მთავარი ლიდერი გიგა ბოკერია - სააკაშვილის დროინდელი უშიშროების საბჭოს ყოფილი მდივანი და „ნაცმოძრაობის“ იდეოლოგი - ჩრდილში დარჩება, სამაგიეროდ, ნაკლებად ოდიოზურები - პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე დავით ბაქრაძე და ყოფილი ვიცე-სპიკერი გიგი წერეთელი - შესაბამისად, პარლამენტის თავმჯდომარის და პრემიერ-მინისტრის თანამდებობებს დაიკავებენ. რამდენად რეალურია ეს სცენარი, თუ გავითვალისწინებთ, რომ 2003 წელს ჯეიმს ბეიკერი ანალოგიური წინადადებით ეწვია ედუარდ შევარდნაძეს და ასლან აბაშიძეს?

     სრულიად რეალურია, თუ გავითვალისწინებთ, რომ კულუარული ინფორმაციით, ბიძინა ივანიშვილს უკვე დიდი ხანია, თვითონაც იზიდავენ პარტია „ევროპული საქართველოს“ ზემოთ ჩამოთვლილი ლიდერები, მას სურს, ეს პარტია სააკაშვილის „ნაციონალური მოძრაობის“ ნაცვლად კონსტრუქციულ ოპოზიციად ჰყავდეს. მით უმეტეს, იმ პირობებში, როცა მისი საკუთარი პარტიის ლიდერები პროფესიულად უვარგისი პოლიტიკოსები აღმოჩნდნენ, „ლეიტენანტ შმიდტის შვილებივით“ დალანძღეს ერთმანეთი და ჯერ კოალიცია „ქართული ოცნება“ დაშალეს, ახლა კი იმავე სახელწოდების პარტიას ანგრევენ!

ვაშინგტონს განსაკუთრებით იზიდავს ყველასთვის მისაღები გიგი წერეთლის ფიგურა - გასულ წელს ის შემთხვევით როდი აირჩიეს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტად (მანამდე წერეთელი, როგორც უფროსი ვიცე-პრეზიდენტი, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი იყო 2017 წლის 9 ნოემბრიდან, პირველად ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტი წერეთელი 2012 წელს გახდა, ხოლო 2015 წელს ის ხელახლა აირჩიეს).

გაწონასწორებული თბილისელი, პროფესიით ექიმი ნევროპათოლოგი, რაც საკმაოდ მნიშვნელოვანია დღევანდელი ეგზალტირებული ქართული პოლიტისტებლიშმენტის ფონზე; გამოცდილი სახელმწიფო მოხელე, რომელმაც გაიარა გზა რიგითი ექიმიდან პარლამენტის ვიცე-სპიკერამდე და შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრამდე; მოქნილი პოლიტიკოსი, რომელმაც „ევროპულ საქართველომდე“ ბევრი პარტია გამოიცვალა - შევარდნაძის „მოქალაქეთა კავშირი“, ბურჯანაძის „დემოკრატიული მოძრაობა“, სააკაშვილის „ნაციონალური მოძრაობა“, თანაც ისე, რომ ყველასთან კარგი ურთიერთობა შეინარჩუნა - ამას გნებავთ, კონფორმიზმი უწოდეთ, გნებავთ, კარიერიზმი, ფაქტია, რომ კეთილგონიერებას წერეთლისათვის არასოდეს უღალატია.

წერეთელი აშშ-სთვის კიდევ იმიტომ არის მისაღები, რომ მიუხედავად ყველა იმ პარტიის კრიტიკულად პროამერიკული ვექტორისა, რომლის წევრიც იგი იყო, გიგიმ შეძლო, კეთილმოსურნე ურთიერთობა დაემყარებინა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან სერგეი ლავროვთან. რუსეთსა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობის არარსებობისა და იმის მიუხედავად, რომ საქართველოს არცერთ ხელმძღვანელს რუსეთთან დიალოგი არ სურს, წერეთელი არაერთხელ შეხვდა ლავროვს და მისი კეთილი განწყობა დაიმსახურა - ჯერ 2017 წელს, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის რანგში, შემდეგ კი 2018 წლის დეკემბერში, უკვე ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის რანგში, ორგანიზაციის მინისტრთა საბჭოს სხდომის დროს მილანში. „შედგა აზრთა გაცვლა-გამოცვლა საერთო ევროპული დღის წესრიგის აქტუალურ საკითხებზე და საპარლამენტო კონტაქტების როლზე ნდობის კრიზისის დაძლევაში, ეუთოს მონაწილე სახელმწიფოებს შორის კონსტრუქციული დიალოგის და თანამშრომლობის დამყარებაში“, - იუწყებოდა მაშინ რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტრო.

ერთდროულად მისაღები რუსეთისთვის და აშშ-სათვის?! - ნუ გიკვირთ, აქ არ არის კოლიზია, როგორც ერთი შეხედვით შეიძლება მოგეჩვენოთ. საქმე ის არის, რომ ვაშინგტონს ყველაზე მეტად არ უყვარს, როცა „გადამეტტვირთავენ“ ხოლმე - რაღაცას სთხოვენ, თავს აბეზრებენ, ზოგჯერ ავალდებულებენ კიდეც და მისივე სიტყვებით სპეკულირებენ, როგორც სააკაშვილი აკეთებდა! საქართველოს დღევანდელმა ხელისუფლებამ ეს ვერ გაიგო და ამიტომ სააკაშვილის მთავარი შეცდომა გაიმეორა: ყოველდღიურმა აპელირებამ „დასავლელ პარტნიორებზე“, რომლებსაც მოქმედი ქართული ხელმძღვანელობა ავალდებულებს, უფრო აქტიური „ზეწოლა მოახდინონ“ რუსეთზე, რათა მან საქართველოს აფხაზეთი და სამხრეთი ოსეთი დაუბრუნოს, კიდევ უფრო მეტად მოაბეზრა თავი თეთრ სახლს, ვიდრე თავის დროზე სააკაშვილის წუწუნმა და პროვოკაციებმა! ამიტომაც ამერიკა, რომელსაც საქართველოში სტაბილურობა ორი მიზეზით სჭირდება - როგორც საიმედო საჰაერო და სახმელეთო დერეფანში ავღანეთისაკენ და საზღვაო ბაზირებისთვის საქართველოს შავი ზღვის პორტებში - დღეს „ქართული ოცნების“ ხელისუფლების შემცვლელს ეძებს.

ჰოდა, გამოდის, რომ საქართველოში მომავალი მხოლოდ იმ პარტიას აქვს, რომელიც რუსეთთან ურთიერთობას დაარეგულირებს, ყველა დანარჩენი - პოლიტიკური მედროვეები არიან.

საქინფორმის მთავარი რედაქტორი
არნო ხიდირბეგიშვილი
2019 წლის 1 აპრილი
საქართველო, თბილისი