უცხოეთი
იულია ტიმოშენკო - მჯერა, რომ უკრაინაში ახალი ეპოქა დაიწყება

 საქართველო, 1 აპრილი, საქინფორმი. მჯერა, რომ უკრაინაში ახალი ეპოქა დაიწყება, – ამის შესახებ უკრაინის საპრეზიდენტო კანდიდატმა იულია ტიმოშენკომ ხმის მიცემის შემდეგ განაცხადა.

უკრაინის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა არჩევანი ცოტა ხნის წინ დააფიქსირა.

„უკრაინა იქნება მშვიდობიანი და აყვავებული, სადაც ყველა ადამიანი ბედნიერია. ვიცი, რომ დღეს ჩვენ გვაქვს შანსი, ყველაფერი შევცვალოთ“,- განაცხადა ტიმოშენკომ.

დღეს უკრაინის 35 მილიონი ამომრჩეველი ხუთი წლის ვადით აირჩევს ქვეყნის ლიდერს. ამ თანამდებობაზე კენჭს სულ 39 კანდიდატი იყრის. მათგან ფავორიტები შოუმენი ვლადიმირ ზელენსკი, უკრაინის ექსპრემიერი იულია ტიმოშენკო და ქვეყნის მოქმედი პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო არიან.

ქვეყნის მასშტაბით სულ გახსნილია 29 ათასზე მეტი საარჩევნო უბანი. ხმის მიცემის პროცედურა უკრაინის დროით დილის 08:00 საათზე დაიწყო და საღამოს 20:00 საათზე ყველა უბანი უკვე დახურული იქნება (თბილისი დროით 21:00). სწორედ ამ დროს გახდება ცნობილი ეგზიტპოლების შედეგები.

იმ შემთხვევაში, თუ არჩევნებში ვერც ერთი კანდიდატი ვერ მიიღებს ხმათა 50 პროცენტზე მეტს, მეორე ტური დაინიშნება. თუ ეს ასე მოხდება, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური უკრაინაში 21 აპრილს გაიმართება. აღსანიშნავია, რომ პოლიტოლოგებისა და ექსპერტების პროგნოზებით, უკრაინის ახალი პრეზიდენტის ვინაობა პირველ ტურში სავარაუდოდ ვერ გამოვლინდება.

უკრაინაში მიმდინარე არჩევნებს ადგილიდან საქართველოს პირველი არხის ჟურნალისტებიც აშუქებენ.

1tv.ge