აქტუალური
საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის დავის საგანს სახელმწიფო საზღვრის 34 % წარმოადგენს

 საქართველო, 3 აპრილი, საქინფორმი. საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის დავის საგანს სახელმწიფო საზღვრის 34 % წარმოადგენს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ საგარეო უწყებაში განუცხადეს, სახელმწიფო სადელიმიტაციო კომისიების დონეზე შეთანხმებულია საზღვრის 66% და გრძელდება მოლაპარაკებები დარჩენილი სეგმენტების შეთანხმების მიზნით.

რაც შეეხება უშუალოდ საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის სახელმწიფო კომისიას, უწყების ცნობით, ამჟამად მხარეების მიერ კომისიების შემადგენლობის განახლება მიმდინარეობს.

ამჟამად მხარეების მიერ მიმდინარეობს კომისიების შემადგენლობის განახლება და სავარაუდოდ ახლო მომავალში განახლდება პროცესი (კომისიების შეხვედრის კონკრეტული თარიღი არ არის განსაზღვრული). დელიმიტაციის საბოლოოდ გაფორმებამდე სახელმწიფო საზღვრად გვევლინება სსრკის პერიოდში არსებული ყოფილი რესპუბლიკური/ადმინისტრაციული საზღვრის ხაზი, რომლის მიხედვით ხორციელდება საზღვრის დაცვა.

სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციის სამუშაოები 1995 წლიდან მიმდინარეობს. საზღვრის პერიმეტრიდან მხარეთა სახელმწიფო სადელიმიტაციო კომისიების დონეზე შეთანხმებულია 66% და გრძელდება მოლაპარაკებები დარჩენილი სეგმენტების შეთანხმების მიზნით“, - განუცხადეს „ინტერპრესნიუსს“ დავით ზალკალიანის უწყებაში.

შეგახსენებთ, საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დელიმიტაციის საკითხი საქართველოსა და აზერბაიჯანის პრეზიდენტების შეხვედრის შემდეგ გააქტიურდა. სალომე ზურაბიშვილმა ილჰამ ალიევთან შეხვედრისას განაცხადა, რომ დროა, ამდენი წლის შემდეგ, საზღვართან დაკავშირებული საკითხის გადაწყვეტა დასრულდეს.