აქტუალური
საერთაშორისო სავალუტო ფონდი საქართველოს ეკონომიკის ზრდის პროგნოზს 4,6-პროცენტიან ნიშნულზე ტოვებს

 საქართველო, 11 აპრილი, საქინფორმი. საერთაშორისო სავალუტო ფონდმა საქართველოს ეკონომიკის ზრდის ტემპი 4,6%-იან ნიშნულზე დატოვა, – ამის შესახებ საერთაშორისო სავალუტო ფონდის (სსფ) ახალ, აპრილის ანგარიშშია (WorldEconomicOutlook) ნათქვამი.

სსფ-მ მშპ-ის ზრდის საპროგნოზო მაჩვენებელი 4,6 პროცენტამდე ფონდის მისიის საქართველოში სტუმრობის შემდეგ, თებერვალში დასწია.

სავალუტო ფონდის შეფასებით, ეკონომიკის ზრდის ტემპი 5%-იან ნიშნულს 2020 წელს დაუბრუნდება. წლიური ინფლაცია კი 2019 წელს - 2,5%, 2020 წელს 3% იქნება.

შეფასებაში აღნიშნულია, რომ გლობალური ეკონომიკის ზრდის ტემპი 2019 წლის პირველ ნახევარში სუსტი იქნება, მეორე ნახევარში კი დაჩქარდება მსოფლიოს წამყვანი ეკონომიკების რიგი ინიციატივების გამო, როგორიცაა აშშ-ის ფედერალური სარეზერვო სისტემის პასუხი მზარდ გლობალურ რისკზე. სარეზერვო სისტემამ საბაზისო განაკვეთის ზრდა შეაჩერა და მიანიშნა, რომ წლის ბოლომდე განაკვეთის ცვლილებას არ გეგმავს.

მთლიანობაში 2019 წელს გლობალური ეკონომიკის ზრდა 3,3% იქნება.

ამასთან, საქართველოს ეკონომიკის ზრდის ტემპი მსოფლიო ბანკმაც 5-დან 4,6%-მდე შეამცირა.