აქტუალური
„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“ ქვეყანაში კორუფციასთან დაკავშირებით კვლევა გამოაქვეყნა

 საქართველო, 15 აპრილი, საქინფორმი. „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ ქვეყანაში კორუფციასთან დაკავშირებით კვლევას აქვეყნებს.

როგორც კვლევაშია აღნიშნული, საქართველოში გავრცელებულია თანამდებობის პირთა მიერ უფლებამოსილების პირადი გამორჩენისთვის გამოყენება, ხოლო ხელისუფლება ასეთ შემთხვევებზე სათანადოდ არ რეაგირებს.

კვლევის თანახმად, გამოკითხულთა მხოლოდ 1%-ს ჰქონია ბოლო 12 თვის განმავლობაში ისეთი შემთხვევა, როდესაც მათ ან მათი ოჯახის წევრებს სახელმწიფო მომსახურების სანაცვლოდ ქრთამის გადახდა მოსთხოვეს, რაც გასულ წლებში ჩატარებული მსგავსი გამოკითხვების მონაცემების იდენტური შედეგია.

კვლევის მიხედვით, მოქალაქეები ფიქრობენ, რომ საქართველოში გავრცელებულია კორუფციის სხვა გამოვლინებები. გამოკითხულთა 59% ფიქრობს, რომ გავრცელებულია თანამდებობის პირების მიერ თანამდებობის ბოროტად გამოყენება, ხოლო 36% ფიქრობს, რომ გავრცელებულია იგივე ქმედება პირადი მიზნების მისაღწევად. მათი რიცხვი, ვინც ფიქრობს, რომ ასეთი ქმედებები გავრცელებული არ არის, შესაბამისად 21%-ს და 15%-ს შეადგენს.

რაც შეეხება ძალაუფლების ბოროტად გამოყენების მიზნებს, ის რესპონდენტები, რომლებიც ფიქრობენ, რომ ასეთი ქმედება გავრცელებულია, მიიჩნევენ, რომ მისი მიზანია ოჯახის წევრების, ნათესავების და ახლობლების დასაქმება - 91%, საკუთარი ან ახლობლების ბიზნესის მფარველობა - 86%, ბიუჯეტის თანხების არამიზნობრივი ხარჯვა - 79%, სხვადასხვა საქმის მოგვარების სანაცვლოდ ქრთამის აღება - 58%. გამოკითხულთა უმრავლესობა - 52% - ასევე ფიქრობს, რომ გავრცელებულია თანამდებობის პირებთან დაკავშირებული კომპანიებისთვის უპირატესობის მინიჭება სახელმწიფო შესყიდვების პროცესში“, – აღნიშნულია კვლევაში.

კვლევის თანახმად, გამოკითხულთა უმრავლესობა - 51% ფიქრობს, რომ არ ხდება კორუფციის შემთხვევების სათანადოდ გამოძიება მაშინ, როდესაც საქმე მაღალი თანამდებობის პირებს ან მმართველ პარტიასთან დაკავშირებულ გავლენიან ადამიანებს ეხება.

გამოკითხულთა 42% ეთანხმება მოსაზრებას, რომ ხელისუფლება, როგორც წესი, ხელს აფარებს კორუფციაში ჩართულ პირებს, ხოლო 31% ფიქრობს, რომ მთავრობა, როგორც წესი, ამხელს ასეთ პირებს. ამ ორი კითხვის კონტექსტში რესპონდენტებს ასევე ვკითხეთ ყოფილი მთავარი პროკურორის ოთარ ფარცხალაძის საქმიანობის შესახებ. ის რესპონდენტები, ვისაც ოთარ ფარცხალძის შესახებ სმენია, მეტწილად იზიარებენ იმ მოსაზრებებს, რომ ის კორუფციულ გარიგებებშია ჩართული, სარგებლობს ხელისუფლების მფარველობით და ინარჩუნებს გავლენას პროკურატურაზე“, – აღნიშნულია კვლევაში.

კვლევის თანახმად, გამოკითხულთა აზრით, პროფესიონალიზმი კვლავაც არ წარმოადგენს საჯარო სამსახურში დასაქმების მთავარ კრიტერიუმს. რესპონდენტთა ყველაზე დიდი ნაწილი - 31% საჯარო სამსახურში დასაქმებისთვის ყველაზე მნიშვნელოვნად ნაცნობობას მიიჩნევს.

კვლევა საერთაშორისო გამჭვირვალობასაქართველოსდაკვეთითკავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრმა” (CRRC) 2019 წლის 20 თებერვლიდან 5 მარტამდე პერიოდში ჩაატარა.

კვლევის ფარგლებში მთელი ქვეყნის მასშტაბით 2087 ადამიანი გამოიკითხა, ცდომილების ზღვარი +- 2.3 პროცენტის ფარგლებშია.