აქტუალური
როგორ გაიხარჯა ბიუჯეტი

biujetXXეროვნული ბანკის მონაცემებით, იანვარში სოციალურ დაცვაზე გაწეულმა ხარჯებმა მთლიანი ხარჯების 24% (108 მლნ ლარი) შეადგინა. აღნიშნული კატეგორიის ხარჯები, ძირითადად, ხანდაზმულთა სოციალურ დაცვას, სოციალურად დაუცველი ოჯახებისა და ბავშვების დახმარებას, აგრეთვე, სოციალური გაუცხოების საკითხების მოგვარებას მოხმარდა. მთლიანობაში კი 2011 წლის იანვარში სახელმწიფო ბიუჯეტიდან 456,6 მილიონი ლარის გადასახადია დახარჯული. სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯებში (ყველაზე დიდი ხვედრითი წილით) საერთო სახელმწიფო მომსახურებაზე გაწეულ ხარჯებზე 33% (148 მლნ ლარი) მოდის. აღნიშნული ხარჯების ძირითადი ნაწილი ადგილობრივი მთავრობებისთვის გამოყოფილ გრანტებზე, მთავრობის ფინანსურ და ფისკალურ საქმიანობაზე, აღმასრულებელი და წარმომადგენლობითი ორგანოების საქმიანობის უზრუნველყოფასა და ვალების მომსახურებაზე წარიმართა. ეროვნული ბანკის მიმოხილვის თანახმად, ეკონომიკური საქმიანობა ბიუჯეტის ხარჯების ერთ-ერთი მსხვილი კატეგორიაა. მან იანვარში 13 პროცენტი (58 მლნ ლარი) შეადგინა. აღნიშნული ხარჯები საავტომობილო ტრანსპორტისა და საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებაზე, მრავალმიზნობრივი განვითარების პროექტებსა და სათბობ ენერგეტიკაზე გამოიყო. იანვარში ხარჯების სიდიდით მეოთხე კატეგორიას საზოგადოებრივ წესრიგსა და უსაფრთხოებაზე (46 მლნ ლარი, მთლიანი ხარჯების 10 პროცენტი) გაწეული ხარჯები წარმოადგენდა. აღნიშნული კატეგორიით გათვალისწინებული ასიგნებები, ძირითადად, პოლიციის სამსახურისა და სახელმწიფო დაცვის ხარჯების ანაზღაურებაზე, აგრეთვე, სასჯელაღსრულების დაწესებულებების, სასამართლოებისა და პროკურატურის ფინანსურ უზრუნველყოფაზე წარიმართა.