პოლიტიკა
საპარლამენტო უმრავლესობამ „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონპროექტში შესწორებები შეიტანა

 საქართველო, 19 აპრილი, საქინფორმი. საპარლამენტო უმრავლესობამ, ვენეციის კომისიის რეკომენდაციებიდან გამომდინარე, საერთო სასამართლოების შესახებ კანონპროექტში შესწორებები შეიტანა.

კანონპროექტს ერთ-ერთი მუხლი დაემატა, სადაც აღნიშნულია, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭო პარლამენტს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის ან უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ასარჩევად წარუდგენს პირს, რომელიც აკმაყოფილებს საქართველოს კონსტიტუციითა და ამ კანონით მოსამართლისთვის დადგენილ საერთო საკვალიფიკაციო მოთხოვნებს და ერთ-ერთ შემდეგ დამატებით პირობას:

არის მოქმედი მოსამართლე; არის ყოფილი მოსამართლე, რომლის სამოსამართლო უფლებამოსილების შეწყვეტიდან არ გასულა 10 წელი; არის პირი, რომლის პროფესიული კვალიფიკაცია შეესაბამება უზენაესი სასამართლოს მოსამართლის მაღალ სტატუსს.

ამასთან, პროექტში ნათქვამია, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭო უფლებამოსილია, კანდიდატი წარადგინოს მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარების გარეშე.

რაც შეეხება კიდევ ერთ შესწორებას, კორექტირებული ვერსიით, თუ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრია, იგი არ სარგებლობს კანდიდატების შეფასებისა და ხმის მიცემის უფლებით პროცედურის არც ერთ ეტაპზე, აგრეთვე, არ არის უფლებამოსილი, კითხვით მიმართოს კანდიდატებს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ მათი მოსმენისას.

ვენეციის კომისიამ მოსამართლეთა შერჩევის კანონპროექტთან დაკავშირებით რეკომენდაციები 16 აპრილს გამოაქვეყნა.