უცხოეთი
ესპანეთმა რუსეთს ე.წ. კანონიერი ქურდის, ტარიელ ონიანის გადაცემის მოთხოვნით ოფიციალურად მიმართა

 საქართველო, 25 აპრილი, საქინფორმი. ესპანეთმა რუსეთისგან ტარიელ ონიანის გადაცემა ოფიციალურად მოითხოვა. ე.წ. კანონიერ ქურდს, ტარიელ ონიანს დანაშაულებრივი დაჯგუფების წევრობასა და უკანონოდ მიღებული კაპიტალის ესპანეთის ტერიტორიაზე გათეთრებაში ადანაშაულებენ.

როგორც გერმანული გამოცემა „დოიჩე ველე“ იუწყება, ონიანის ექსტრადირების თხოვნით ოფიციალური განაცხადი რუსულ მხარეს ესპანეთის ანტიკორუფციულმა პროკურატურამ გადაუგზავნა. დოკუმენტში ნათქვამია, რომ ონიანი ცნობილი კრიმინალური ავტოირტეტია, რომელიც ფულის გათეთრებაში მონაწილეობდა. პროკურატურა ონიანისთვის სასჯელის სახით 8 წლით თავისუფლების აღკვეთასა და 50 მილიონი დოლარის ჯარიმის დაკისრებას ითხოვს.

დოკუმენტში ასევე ნათქვამია, რომ ესპანეთში ტარიელ ონიანის დანაშაულებრივი საქმიანობა 10 წელი გრძელდებოდა – 1995-დან 2005 წლამდე. ესპანეთის პროკურატურის ინფორმაციით, ონიანი პოსტსაბჭოთა სივრცესა და ევროპის ქვეყნების ტერიტორიაზე მიღებულ უკანონო შემოსავლებს ესპანეთში, მისი კუთვნილი რესტორნების ქსელისა და სამშენებლო კომპანიის საშუალებით ათეთრებდა.

ესპანეთის პროკურატურამ ონიანის დაკავების ორდერი პირველად 2005 წელს გასცა, თუმცა „კრიმინალურმა ავტორიტეტმა“ მაშინ გაქცევა მოახერხა.

„დოიჩე ველესთან“ საუბრისას ესპანეთის პროკურატურაში განაცხადეს, რომ „ონიანის საკითხზე რუსეთთან წარმატებული თანამშრომლობის იმედი აქვთ“.

1tv.ge