სამართალი
არქიმანდრიტი კირიონი: აზერბაიჯანელმა მესაზღვრეებმა დავით გარეჯის მონასტრები ჩაკეტეს

 საქართველო, 26 აპრილი, საქინფორმი. დავით გარეჯის მამათა მონასტრის არქიმანდრიტის კირიონის (ონიანი) ინფორმაიით, უკვე სამი დღეა, აზერბაიჯანელებმა უდაბნოს მონასტერი გადაკეტეს.

მეზობელი ქვეყნის მესაზღვრეები ბილიკებზე მუშაობენ, გამაფრთხილებელ და ამკრძალავ ნიშნებს არჭობენ, რასაც მშვიდად უყურებენ ქართველი მესაზღვრეები. ისეთივე კრიზისული და უარესი მდგომარეობა იქმნება, როგორც 2012 წლის მაისში, როდესაც საქართველოს ხელისუფლებამ ქართველ მესაზღვრეებს უბრძანა, ტურისტები არ გაატაროთო. მაშინ ასე ითხოვდნენ აზერბაიჯანელები და ქართულმა მხარემ რატომღაც, ვიდრე ხმაური არ ავტეხეთ, მეზობლის მოთხოვნა დააკმაყოფილა. თუმცა, სასულიერო პირებს მონასტერსა და ტაძრებში ასვლის უფლება ჰქონდათ. დღეს კი, ჩვენც აღარ გვიშვებენ.

საზღვრის ჩაკეტვის მიზეზზე ჩვენი სასაზღვრო სექტორის უფროსი აზერბაიჯანის ყარაიაზის რეგიონის, დავით გარეჯის მიმდებარე სასაზღვრო სექტორის უფროსს ესაუბრა, აზერბაიჯანმელმა თქვა, რომ პრობლემა არ იქნება, თუ საქართველოს ხელისუფლება მის ზემდგომებს სიტუაციის შეცვლას მოსთხოვს, დამირეკონ და საზღვარი გაიხსნებაო?! საქმის კურსში ჩავაყენე საქართველოს სახელმწიფოს შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები, მეც რომ არ დამერეკა, ჩემს გარეშეც კარგად ეცოდინებათ, რაც ხდება, მაგრამ არაფერი არ იცვლება. არადა, რაც ახლა, დავით გარეჯის უდაბნოში, შეუთანხმებელი საზღვრის გასწვრივ ხდება, არც საერთაშორისო კანონმდებლობაში ჯდება და არც მეზობლურმეგობრულ ურთიერთობაში. ამასთან, გასაკვირია საქართველოს სახელმწიფოს მხრიდან სრული დუმილი, მეტიც, თავჩაღუნულ მდგომარეობაში ყოფნა. გადაწყდა ამ მონაკვეთში საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის საკითხი და ამ ქვეყნის მოქალაქეებმა არაფერი ვიცით?“, – აცხადებს არქიმანდრიტი კირიონი.

მისივე თქმით, მდგომარეობა საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტის შემდეგ დაიძაბა. სალომე ზურაბიშვილიევროპა ნოსტრასფარგლებში, აზერბაიჯანის სახელმწიფოს სამ წარმომადგენელთან ერთად იმყოფებოდა გარეჯის მონასტრებში, დაათვალიერა აქაურობა, ყველაფერი ნორმის ფარგლებში მიდიოდა. ამიტომაც ვერ ვგებულობ ყარაეთელი მესაზღვრეების უფროსის განმარტებას, თითქოს უფროსობამ დასჯა დაუპირა იმის გამო, რომ თურმე არ იცოდა, მონასტერში საქართველოს პრეზიდენტი თუ იმყოფებოდა. ამანაც, კარიერა მენგრევაო, ადგა და საზღვარი ჩაკეტა.

შეიძლება, ასე ყველამ თავზე გადავლა დაგვიპიროს და ჩვენ რეაქცია არ გვქონდეს? მაშინ რაღა სახელმწიფოა საქართველო? მე ვერ გამოვდივარ მონასტრიდან, რომ უშუალოდ მივაკითხო თანამდებობის პირებს და ვკითხო, გულგრილად რატომ უყურებენ იმას, რაც ახლა გარეჯის უდაბნოში ხდება, ამიტომაც, როგორც ყოველთვის, მედიის და საზოგადოების აქტიურობის იმედი მაქვს”, – ამის შესახებ განცხადებას არქიმანდრიტი კირიონი ავრცელებს. .

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში მომხდარ ფაქტს ადასტურებენ და აცხადებებ, რომ უწყება მიზეზების დადგენისა და ტურისტების და მრევლის დაშვების მიზნით აზერბაიჯანულ მხარესთან აქტიურ კომუნიკაციას აწარმოებს. თუმცა ამას გარკვეული დრო ესაჭიროება.