უცხოეთი
პუტინი ზელენსკის ურჩევს, მიხეილ სააკაშვილს უკრაინის მოქალაქეობა დაუბრუნოს

 საქართველო, 30 აპრილი, საქინფორმი. რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა უკრაინის ახლადარჩეულ პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ურჩია, მიხეილ სააკაშვილს მოქალაქეობა დაუბრუნოს. ამის შესახებ tass წერს.

მედია წერს, რომ პუტინის თქმით, ოდესის ყოფილ გუბერნატორს მოქალაქეობა უსამართლოდ ჩამოართვეს.

რამდენიმე დღის წინ პუტინი ინიციტივით გამოვიდა, რომლის მიხედვით, ყველა უკრაინელს რუსული პასპორტის აღება უნდა გაუმარტივდეს. ​კერძოდ, პუტინმა ხელი მოაწერა ბრძანებას, რომელიც დონეცკისა და ლუგანსკის ოლქის მცხოვრებლებისთვის რუსეთის მოქალაქეობის გამარტივებულად მინიჭებას გულისხმობს.

საპასუხოდ, ზელინსკიმ თქვა, რომ მზად არის პუტინის რეჟიმისგან ტანჯულ რუს ხალხს უკრაინის მოქალაქეობა შესთავაზოს.

ამის საპასუხოდ რუსეთის პრეზიდენტმა თქვა, რომ თუ უკრაინის ახლადარჩეული პრეზიდენტი ადამიანის უფლებების დაცვას აპირებს, სჯობს ეს მიხეილ სააკაშვილით დაიწყოს.

"რაც შეეხება თავისუფლებას, ეს სჯობს დავიწყოთ არა რუსეთიდან, არა რუსებიდან, არამედ ქართველებიდან ან ყოფილი ქართველებიდან. მაგალითად, სამართლიანი იქნებოდა, თუ უკრაინის პასპორტს დაუბრუნებენ ადამიანს, რომელიც ადრე ქართველი იყო, ახლა კი თავს უკრაინელად თვლის, ვგულისხმობ მიხეილ სააკაშვილს",- თქვა პუტინმა.

მისივე თქმით, უკრაინას და რუსეთს ბევრი საერთო აქვთ და შეთანხმება შეუძლიათ. მეტიც, ორივე ქვეყნის მოსახლეობა ორმაგი მოქალაქეობით სარგებელს ნახავს.

პეტრო პოროშენკომ მიხეილ სააკაშვილს უკრაინის მოქალაქეობა 2015 წლის მაისში მიანიჭა, რა დროსაც, საქართველოს მოქალაქეობა დაკარგა. ის მალევე ოდესის გუბერნატორად დაინიშნა. 2016 წლის ნოემბერში სააკაშვილმა თანამდებობა დატოვა და პეტრო პოროშენკოს ოპოზიციაში გადავიდა.

10 სექტემბერს, მოქალაქეობის დაბრუნების მოთხოვნით, მიხეილ სააკაშვილმა უკრაინის საზღვარი მხარდამჭერებთან და უკრაინის ყველაზე რეიტინგულ ოპოზიციურ პოლიტიკოსთან იულია ტიმოშენკოსთან ერთად გაარღვია.

მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში 2018 წლის თებერვალში დააკავეს. უკრაინული მედიის ცნობით, სააკაშვილი საემიგრაციო სამსახურის მოთხოვნით დააკავეს და კიევიდან პოლონეთის მიმართულებით გაამგზავრეს.

tabula.ge