საზოგადოება
„ქართული პარტია“ მზადაა, მოსალოდნელ არასასურველ პროცესებზე პოლიტიკური პასუხისმგებლობა აიღოს

gerchixa_erosi„ქართული პარტიის“ პოლიტიკური მდივნის – ეროსი კიწმარიშვილის, განცხადებით, „პარტიის პოლიტიკური გუნდი მზად არის, ქვეყნის ხვალინდელ დღეზე პასუხისმგებლობა აიღოს, თუმცა მანამდე საბოლოოდ უნდა გაირკვეს, ვინ დგას ხალხის გვერდით და ვინ აპირებს, წინ აღუდგეს ხალხის ნებას“.

როგორც კიწმარიშვილმა პარტიის საბურთალოს რაიონული ორგანიზაციის დამფუძნებელ კონფერენციაზე განაცხადა, წარმატების მიღწევას ის გაზაფხულზე დათბობისთანავე ელის.

მოსალოდნელ პროცესებზე პოლიტიკური პასუხისმგებლობის აღების მზადყოფნა შეხვედრაზე პარტიის გენერალურმა მდივანმა კოკა გუნცაძემაც დაადასტურა, რომელიც, ამავე დროს, იმ ოპოზიციონერ კოლეგებსაც გამოეხმაურა, რომლებიც რევოლუციური გზის წინააღმდეგ გამოდიან.
„რევოლუციას ხალხი აკეთებს და არ მგონია, მათ შესწევდეთ უნარი, საკუთარი ხალხის ნების წინააღმდეგ წავიდნენ“, – აღნიშნა გუნცაძემ, რომელსაც ოპტიმიზმის საფუძველს არაბულ ქვეყნებში განვითარებული მოვლენები და მათზე საერთაშორისო საზოგადოების რეაქცია აძლევს.

ერთადერთი, ვინც დაძაბულობისა და არეულობის გარდა, ქვეყნის განვითარებაზე მეტნაკლებად ისაუბრა, პარტიის თავმჯდომარე ლევან გაჩეჩილაძეა, რომლის მტკიცებით, „იცის, როგორ უნდა მოხერხდეს, რომ ქვეყანაში მინიმალური პენსია 250 ლარი გახდეს და უმუშევრობის კომპენსაციამ  იგივე თანხა შეადგინოს“.
„ეს ჩემი დღის წესრიგია და ვინც არ უნდა დამასხას თავს ლაფი, ჩემს გუნდთან ერთად დღის წესრიგს არ შევცვლი“, – განაცხადა ლევან გაჩეჩილაძემ.