პოლიტიკა
ვისთვისაა ხელსაყრელი მაჟორიტართა რაოდენობის გაზრდა

parlamentis-sxdomaXXმმართველი „ნაციონალური მოძრაობა“ გამოდის წინადადებით, მაჟორიტართა მანდატის რაოდენობა პარლამენტში დღეს არსებული 75-დან 83-მდე გაიზარდოს.

ეს შემოთავაზება იმ პაკეტის ნაწილია, რომელიც მმართველმა პარტიამ საარჩევნო რეფორმაზე მომუშავე ინტერპარტიულ ჯგუფს წარუდგინა 9 მარტს. ამ შეხვედრის დაწყებამდე მმართველი პარტიის დეპუტატებმა მათი პაკეტის მხოლოდ სამი წინადადება გაახმიანეს.

საქართველოს კონსტიტუციით, პარლამენტი 150 წევრისაგან შედგება, საიდანაც 75 დეპუტატი მაჟორიტარული და 75 პროპორციული წესით აირჩევა.

პარლამენტის საარჩევნო სისტემის ინიციატივის ფარგლებში „ნაციონალური მოძრაობა“ სამი ვარიანტით გამოდის, რომელთაგან ორი პარლამენტართა რაოდენობის გაზრდასაც ითვალისწინებს.

პირველი ვარიანტის მიხედვით, 150-წევრიან პარლამენტში 83 დეპუტატი მაჟორიტარული, ხოლო 67 პარტიული სიით აირჩევა; მეორე ვარიანტით, პარლამენტის წევრთა რაოდენობა 158-მდე იზრდება, სადაც 83 მაჟორიტარი და 75 პარტიული დეპუტატი აირჩევა; მესამე ვარიანტი კი პარლამენტის რიცხოვნობის 166-მდე გაზრდას ითვალისწინებს თანაბარი – 83-83 – მაჟორიტარული და პარტიული წესით არჩეული დეპუტატების ხარჯზე.

საარჩევნო სისტემის ამგვარი ცვლილების მოტივად მმართველი პარტია ეუთოს შესაბამის რეკომენდაციას ასახელებს.

ამ რეკომენდაციის მიხედვით, „თუ შენარჩუნდება მაჟორიტარული კომპონენტი, უნდა გადაიხედოს საარჩევნო ოლქების საზღვრები, რათა არ იყოს 10 პროცენტზე მეტი სხვაობა ოლქებზე რეგისტრირებულ ამომრჩევლებს შორის და დაცული იყოს ხმათა თანაბრობა; ან კიდევ, საარჩევნო სისტემა ისე უნდა შეიცვალოს, რომ უზრუნველყოფილ იქნეს საერთო პროპორციულობა“.

მმართველი პარტიის წინადადებით, სულ 10 მაჟორიტარის მანდატი უნდა დაემატოს იმ ოლქების გაყოფის გზით, სადაც ამომრჩეველთა რაოდენობა 100 ათასზე მეტია. ესენია თბილისის ხუთი მაჟორიტარული ოლქი, ასევე, ქუთაისი, ზუგდიდი, გორი, რუსთავი და ბათუმი.

83-მდე გაზრდილ მაჟორიტარ მანდატში, სავარაუდოდ, მმართველი პარტია არ მოიაზრებს ლიახვისა და ახალგორის ოლქებს, რომლებზეც საქართველოს ხელისუფლების კონტროლი 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ ვეღარ ხორციელდება.

საარჩევნო წინადადებათა პაკეტში მმართველი პარტია არ საუბრობს იმაზე, თუ რა სისტემით უნდა მოხდეს მაჟორიტარი დეპუტატების არჩევა, თუმცა მისი ერთ-ერთი შემოთავაზება მოიცავს დამოუკიდებელი, არაპარტიული მაჟორიტარი კანდიდატების მონაწილეობის დაშვებას არჩევნებზე.

მოქმედი მაჟორიტარული სისტემით, თითო ოლქიდან, ანუ რაიონიდან, პარტიის ან ბლოკის მიერ წარდგენილი თითო მაჟორიტარი კანდიდატი აირჩევა. ამ სისტემით „ნაციონალურმა მოძრაობამ“ 75 მაჟორიტარული ადგილიდან 71 მანდატი მოიპოვა წინა საპარლამენტო არჩევნებზე და გარანტირებული საკონსტიტუციო უმრავლესობა ჩამოაყალიბა.

საარჩევნო რეფორმაზე მოლაპარაკებებში მონაწილე რვა ოპოზიციური პარტიის შეთავაზებაა, შეიცვალოს არსებული ერთმანდატიანი მაჟორიტარული სისტემა ე.წ. რეგიონულ-პროპორციული სიებით, ხოლო დარჩენილი 75 დეპუტატი კვლავაც პროპორციული სისტემით იქნეს არჩეული 150-წევრიან პარლამენტში.

რეგიონულ-პროპორციული სიები გულისხმობს რეგიონების დონეზე პარტიული სიებისათვის ხმის მიცემას, სადაც რეგიონისთვის განკუთვნილი მანდატები მიღებული ხმების მიხედვით პროპორციულად გადანაწილდება სიით წარდგენილ კანდიდატებზე. რეგიონებში მანდატების რაოდენობა ამომრჩეველთა რაოდენობის მიხედვით დადგინდება და ოლქები, შესაბამისად, 2, 3 და 4-მანდატიანი იქნება. ასეთი სისტემისთვის, რვა პარტიის წინადადების შესაბამისად, 5%-იანი საარჩევნო ბარიერის დაწესებაა ნავარაუდევი. ეს წესი გაზრდის ოპოზიციური პარტიების შანსს, მეტი მაჟორიტარული ადგილი მოიპოვონ პარლამენტში.

ამას გარდა, მმართველი პარტიის სხვა წინადადებები მოიცავს საარჩევნო ადმინისტრაციაში პარტიული წესით დანიშნული პირის გამოწვევაზე შეზღუდვის დაწესებას; კანდიდატისთვის იმ უფლების შეზღუდვას, რომ იყოს წარმომადგენელი საარჩევნო უბანზე, რათა ეს აგიტაციაში არ ჩაეთვალოს; ასევე, ზედა ზღვარის დაწესებას იმ პირთა რაოდენობაზე, რომლებსაც გადასატანი ყუთის მეშვეობით უნდა მისცენ ხმა; საარჩევნო სიების პარტიათა მონაწილეობით გადამოწმების შემოთავაზებებს; საარჩევნო დავების განხილვის ვადების 3 დღემდე გაზრდას (არსებული 2 დღიდან) ყველა ინსტანციაში; საარჩევნო კოდექსის დარღვევისას ფულადი ჯარიმების გაზრდას.

„ნაციონალური მოძრაობის“ მიერ წარმოდგენილ წინადადებებში არაფერია ნათქვამი საარჩევნო ადმინისტრაციების დაკომპლექტების წესზე.

მაგრამ ხომ ცნობილია, რომ არაერთი ოპოზიციური პარტია მოითხოვს მაჟორიტარიზმის ინსტიტუტის საერთოდ გაუქმებას, რადგან, მათი აზრით, ის ჩვენში ხელს უწყობს ყაჩაღობას და არა დემოკრატიას. კერძოდ, „ლეიბორისტული პარტიის“ გენერალურმა მდივანმა იოსებ შატბერაშვილმა ამასწინათ პარტიის ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა: „მაჟორიტარი დეპუტატები წარმოადგენენ ჯგუფს, რომლებიც ხალხის ქონების მითვისების ხარჯზე გამდიდრდნენ“.

„ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი შალვა ნათელაშვილი კი გვპირდება, რომ „მაჟორიტარიზმის“ გაუქმების კამპანიას გააგრძელებს და სხვადასხვა რაიონის მაჟორიტარი დეპუტატების ქონებისა და მათი საქმიანობის ამსახველ მასალებს ეტაპობრივად წარმოადგენს.