საზოგადოება
შეწყალების საკითხთა კომისია ივნისის ბოლომდე დაკომპლექტდება

 საქართველო, 7 მაისი, საქინფორმი. შეწყალების საკითხთა კომისია ჯერ ისევ არ დაკომპლექტებულა. შესაბამისად, უკვე მეხუთე თვეა, ქვეყანაში შეწყალების კომისია აღარ ფუნქციონირებს.

2019 წლის იანვრიდან - იმ პერიოდიდან, რაც პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა წინა კომისიის გაუქმების შესახებ განკარგულება გამოსცა, "ინტერპრესნიუსს" პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მხოლოდ იმას ეუბნებიან, რომ შეწყალების ახალი კომისიის დაკომპლექტებაზე მუშაობა მიმდინარეობს“.

პრეზიდენტის ადმინისტრაციაში არც ახალი კომისიის წევრთა სავარაუდო გვარებს აკონკრეტებენ და არც მისი დაკომპლექტების ზუსტ თარიღებზე ლაპარაკობენ. პრეზიდენტის პრესსპიკერი მხოლოდ იმას განმარტავს, რომ შეწყალების კომისია ივნისის ბოლომდე დაკომპლექტდება.

აღსანიშნავია, რომ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ინიციატივით, შეწყალების კომისიის იუსტიციის სამინისტროში გადასვლის საკითხი განიხილება.