პოლიტიკა
ახალი კანონპროექტი და გარემოს დაცვის სამინისტროს კომპეტენციები

garemos_dacva2გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სავალდებულო მონაწილეობა ბუნებრივი რესურსების მოპოვების, კვოტირებისა და მარაგების დამტკიცების საქმეში უზრუნველყოფილი იქნება მას შემდეგ, რაც ეს სფერო სამართავად ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს კომპეტენციაში გადავა.

ამის შესახებ ნათქვამია დღეს, 10 მარტს, პარლამენტის მიერ მეორე მოსმენით მიღებულ შესწორებულ კანონპროექტში, რომელიც გარემოს დაცვის სამინისტროს რეორგანიზაციას ეხება და მისი ამჟამინდელი ფუნქციების დიდი ნაწილის ოთხ სხვადასხვა სამინისტროზე გადანაწილებას ითვალისწინებს.

მთავრობის საპარლამენტო მდივან გია ხუროშვილის განცხადებით, „შინაარსობრივი“ და „კონსტრუქციული“ განხილვის შედეგად პროექტის საბოლოო ვარიანტში „ერთმანეთისგან გაიმიჯნა ბუნებრივი რესურსების მართვასთან დაკავშირებული ეკონომიკური და გარემოსდაცვითი რეგულაციები“.

ამასთან, ნიადაგების კონსერვაციისა და ნაყოფიერების გაუმჯობესების სფეროს, რაც გარემოს დაცვის სამინისტროსგან სოფლის მეურნეობის სამინისტროს გადაეცემა, ზედამხედველობას გარემოს დაცვის სამინისტროც გაუწევს მთავრობის მიერ შემუშავებული სპეციალური წესის თანახმად.

პარლამენტის გარემოს დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ბობოხიძემ, რომელმაც მხარი დაუჭირა კანონპროექტის მიღებას, განაცხადა, რომ დარგის ექსპერტებმა მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს რეორგანიზაციის გეგმის „შეჯერების“ პროცესში, თუმცა „ყველა მათი წინადადება ვერ იქნა გათვალისწინებული“.

მთავრობამ არ გაითვალისწინა დეპუტატებისა და ექსპერტების წინადადება ბირთვულ და რადიაციულ საქმიანობასთან დაკავშირებული კომპეტენციის გარემოს დაცვის სამინისტროში დატოვების შესახებ. ეს საქმიანობა ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს დაქვემდებარებაში გადავა. არც მრავალრიცხოვანი ოპოზიციური სპექტრისა და სპეციალისტ-ექსპერტთა აზრს ექცევა სათანადო ყურადღება, რაც საფრთხის შემცველია გარემოს დაცვის მხრივ საქართველოში.